“შეეშვი პოლი­ტიკასო, არადა,­ “ოცნების” ძირითადი ნაწილი­ სპორტსმენი ან ყოფილი­ მუსიკოსია” – ნინო ქათამაძის პროტესტი

მომღერალ ნინო ქათამაძესა­ და მასთან ერთად კიდევ­ 8 პირს სასამართლომ 5.000-ლარიანი ჯარიმა­ დააკისრა. “კვირის პალიტრა” ესაუბრა მომღერალს, რომელიც პირველად წარდგა მოსამართლის წინაშე, როგორც “დამნაშავე”…

– იმას, რაც სასამართლო დარბაზში­ ხდებოდა, მე ფარსს დავარქმევდი, სპექტაკლს­. მიუხედავად იმისა, რომ ცხრავე ჩვენგანმა გულწრფელად თქვა, მოსამართლის სახლთან იმიტომ დავდექით, რომ ჩვენი ხმა გაეგონა, არავინ მოგვისმინა…

– ანუ მოსამართლეს უთხარით, რომ არ იცოდით, თუ ეს კანონდარღვევა იყო?

– კანონდარღვევაა, რომ მიდიხარ და აფუჭებ რამეს, ან შეუვარდი სახლში, რაღაც დაუნგრიე ან დილის 5 საათზე გააღვიძე. ჩვენ დილის 11 საათის მერე მივედით. ვიდეოჩანაწერში ჩანს, ისე ვდგავართ, რომ ტროტუარს არ ვცდებით. იქ პოლიციელებიც იყვნენ, მაგრამ იმის მაგივრად, მოსულიყვნენ და ეთქვათ, ეს დანაშაულიაო, ხმაც არ ამოუღიათ. ეს იყო მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი პროტესტი… როდესაც ჩვენს მოტივზე ვიწყებდით საუბარს, მოსამართლე გვაჩერებდა, საქმის ირგვლივ ისაუბრეთო.

თუ ისე მოხდა, რომ ერთი წლის განმავლობაში­ ისევ დაგვაჯარიმეს, ავტომატურად საკანში ვხვდებით, ანუ პრობლემას გვიქმნიან, რომ აღარ გავაპროტესტოთ, არ ვიხმაუროთ…

ჩვენ არასოდეს მიგვიღია ისეთ კონც­ერტში­ მონაწილეობა, სადაც არ ვიქნებო­დით ქართველები…­ არასოდეს ვმღეროდით საახალწლო კონცერტზე. არ ვმონაწილეობდით “მუზტივის” დაჯილდოებაზე, რათა არ ვყოფილიყავით ასოცირებული იმ მუსიკოსებთან, იმიტომ კი არა, რომ რუსოფობი ვარ, არა, ჩვენ ვმღერო­დით­ იმ სივრ­ცეში, სადაც პოლიტიკური ელიტა არ მოდიოდა. რაც მთავარია, მსმენელი ჩვენი მოპოვებულია და ამაში ჩვენ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ. 2008 წელს აქციებზე წავედით, რომელიც იური შევჩუკმა გააკეთა.

რა ომი იყო, აი, ამის სათქმელად წავედით. მუსიკა იყო ჩვენთვის ისტორიების მოყოლის საშუალება პუბლიკისთვის. არადა, ჩვენს წინააღმდეგ საშინელი პროპაგანდა მიდიოდა… ხელოვნება­ პოლიტიკური პლატფორმაა, სადაც ხელოვანი ამბობს იმას, რაც პოლიტიკოსებმა ვერ მოახერხეს. ჩვენ სახალხო პოლიტიკას ვემსახურებით. ძალიან განვიცდი, რომ ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს. ჩემს ირგვლივ ასეა. ჩემს სოფელში ასე ხდება. მე ვიცნობ მათ ტკივილებს… უნდა მოვითხოვოთ, რომ შემცირდეს გადასახადები, რომ დაფასდეს პედაგოგი, ექიმი, მეხანძრე, ხელოვანი… აუცილებელია ცვლილებები…

– ბოლო წლებია მაყურებელი იშვიათად გხედავთ, რატომ არ ჩანხართ სცენაზე?

– მე და ჩემს ჯგუფს 2018 წლიდან ჩვენი­ ქვეყნის სცენაზე დგომა გაგვირთუ­ლდა­. მიზეზი გამოხატვის­ ფორმებზე შეუთან­ხმებლობაა. შეეშვი პოლი­ტიკასო, არადა,­ “ქართული ოცნების” ძირითადი ნაწილი­ სპორტსმენი ან ყოფილი­ მუსიკოსია…­ თვითონ კულტურის პოლიტიკაც არასწორია.

გადამხდელების დიდი ფული იხარჯება ისეთ არტისტებზე,­ რომლებსაც თანასწორი პირობების შემთხვევაში შეიძლება დარბაზებში მსმენელიც კი არ ჰყავდეთ.

ისინი იმისთვის ჰყავთ, რომ გამოიყენონ პოლიტიკური აქტივობისა და არჩევნების დროს. წარმოუდგენელია, დამოუკიდებლად რამე გააკეთო. ჯერ განცხადება უნდა დაწერო, რომ დაგიფინანსოს კულტურის სამინისტრომ. შემდეგ მასთან თუ არა ხარ იდეების თანხვედრაში, დარბაზთანაც არ გაქვს წვდომა… ყოველი წლის მარტში მქონდა დიდი სოლო კონცერტი. როცა ფილარმონიაში დარბაზი მოვითხოვე, მითხრეს, რემონტზე გადისო და მას შემდეგ წელზე მეტი გავიდა. წელს ბათუმში პირველად იყო, რომ კლუბებიც აღარ გვიწვევენ…

– უკრაინაში გადავსებული გაქვთ დარბაზები…

– უკრაინა ჩემი გულია, საქართველო­ – სული. ბოლო კონცერტი ოდესის ოპერის­ თეატრში გვქონდა გასული წლის ოქტომბერში. 2022 წლის მაისში იყო დაგეგმილი და არც ერთმა მსმენელმა არ დააბრუნა ბილეთი. მერე ერთი ქალაქიდან მეორეში გადავდიოდით. არ იყო მშვიდობიანი გზა, მაგრამ საოცრება იყო იქაურ მსმენელთან შეხვედრა. იმხელა სიყვარულს გამოხატავდნენ, ისეთ სიტყვებს გვეუბნებოდნენ, უფრო მეტი ძალა გვეძლეოდა და აფეთქებებს ყურს აღარ ვუგდებდით. კონცერტების უმეტესობა საქველმოქმედო იყო.

– უნდა გავიხსენო თქვენი­ და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი კიევის მეტროში… ფაქტობრივად, საომარ სიტუაციაში მღეროდით.

– იმ წამს ამას არც აქცევ ყურადღებას. მე და ნიკა უკრაინაში 2022 წლიდან 15-ჯერ ვიყავით. ძალიან ემოციური იყო ეს ჩემთვის. განსაკუთრებით ის დღეები, როცა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო. მეც აქტიურად ვიყავი ჩაბმული ამ პროცესში. ვისაც რა შეეძლო, იმას აკეთებდა…

აღარ მინდა დავხარჯო არც ენერგია, არც ფიქრი იმ ადამიანებზე, რომლებიც დუმილს არჩევენ. მე მთელ ენერგიას და დროს დავხარჯავ მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ბრძოლაშია და ვინც ხედავს, რას ნიშნავს, როცა შენამდეც მოვლენ. აუცილებლად შენც მოგიკაკუნებენ. შემდეგი შენ იქნები და თითქმის არავინ დარჩება, ვინც შენს პრობლემაზე ისაუბრებს. აუცილებლად უნდა დავიხსნათ ჩვენი პატიმრები. თუ დუმხარ, მე აღარ უნდა მთხოვდე დიპლომატიურად ლაპარაკს. უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა, რომ გადავრჩეთ და არ გადავიჩეხოთ!”- აცხადებს ქათამაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share