“ჩემი შვილია, ხელი გაუშვით“- თბილისში დედების მარში გაიმართება

პროტესტის 96-ე დღეს თბილისში დედების მარში დაიგეგმა- ქუჩაში პოლიტპატიმრების მშობლები გამოდიან.

20:00 საათზე ფილარმონიასთან იკრიბება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმმა 51 სინდისის პატიმარი ციხეში უკანონოდ გამოკეტა. მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

“ჩემი შვილია, ხელი გაუშვით“ – ასე ჰქვია აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკანონო პატიმრების ციხეებიდან გამოშვება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა.

ვიკრიბებით ფილარმონიასთან, მარში გვაქვს რუსთაველამდე, გვიერთდებიან სხვა დედებიც, გვიცხადებენ სოლიდარობას და დღეს, საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში, ვინც გვიყურებს, ყველა უნდა გრძნობდეს ამ დედების ტკივილს და ყველა უნდა გვიერთდებოდეს. ჩვენი შვილები გვინდა ჩვენ, დაგვიბრუნონ, ნუ ჰყავთ გამოკეტილი ცხრაკლიტულში, არ არიან ეს ბავშვები ის ბავშვები, ლაღ ცხოვრებას რომ მოწყვიტეს და საკანში ჩასვეს, ეგ ბავშვები უნდა იყვნენ გარეთ და უნდა სწავლობდნენ“, – ამბობს სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა.

ქვეყნის პატრიოტები გაანთავისუფლონ და დაუბრუნონ აუდიტორიას. მოვთხოვთ, მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ შვილები. დედების ხმა გაიგონონ, არ შეიძლება ამდენხანს დაყრუვდნენ, დაბრმავდნენ. მივმართავ თვითონ მათ დედებს- კობახიძის, კალაძის, ასევე მათ ცოლებს, ხომ ჰყავთ მათ შვილები, იმ გადმოსახედიდან გადმოიხედონ ჩვენს მდგომარეობაზე, თუ რა დღეში ჩაგვაგდეს. ჩვენ შვილებს არაფერი დაუშავებიათ, გარდა ქვეყნის სიყვარულისა“, –  რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share