ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.
დღეს, 4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მეტრეველმა ამაღლობელისთვის აღკვეთოს ღონისძიების გადასინჯვის შესახებ იმსჯელა.
პროკურორებმა – შოთა ჩხაიძე და თორნიკე გოგეშვილმა მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვეს. მათი მსჯელობა შაბლონურ არგუმენტებს ეფუძნება იმის შესახებ, რომ საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რაც, მათი შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ძალაში უნდა დარჩეს ძველი გადაწყვეტილება.
ესტონეთის მიერ სანქცირებული თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე, რომელიც მოგვიანებით ჩაერთო ამაღლობელის საქმეში, ამტკიცებდნენ რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მზია ამაღლობელი, შესაძლოა, მიიმალოს ან განმეორებით ჩაიდინოს სავარაუდო დანაშაული.
დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ, დარბაზიდანვე უნდა გათავისუფლებულიყო.
“იმდენად უსამართლო და დაუსაბუთებელი იყო ბრალდების პოზიცია, ელემენტარული სამართლიანობის არსებობის პირობებში, იმ პირობებში თუ მიუკერძოებლობის ელემენტარული მოლოდინი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ამ სასამართლო დარბაზში, ბრალდების ეს პოზიცია არ უნდა იყოს გათვალისწინებული და სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან [მზია ამაღლობელი]”, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვამდე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მოითხოვა, რომ საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაცია. კონკრეტულად, მან თქვა, რომ არსებობს ვინმე ვლადიმერ ჩიტაიას 15 თებერვლით დათარიღებული პატაკი, სადაც წერია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, “მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს”. სწორედ ამ პატაკის საფუძველზე ითხოვდა პროკურატურა მზია ამაღლობელის პირად მონაცემებს. ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასებით, “გამოძიება უნდა, რომ ქექოს მზიას პირადი და პროფესიული ცხოვრება”.