გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მონების მშვიდობა

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს რამდენიმე საათში, 4 საათსა და 5 წუთზე ჩამოასვენებენ. ჩვენი საზოგადოების ნაწილი მის ხსოვნას პატივს აეროპორტშივე მიაგებს, ნაწილი მოგვიანებით სამოქალაქო პანაშვიდებზე.

ვიცით, რომ ისეთებიც გვყავს, რომლებიც ვერ კი არა – არ მივლენ. გობეჯიშვილის, ბერიაშვილის, რატიანის, ჩიქობავას თავგანწირვა მათთვის უბრალოდ გაუგებარი კი არა – მიუღებელია. გაუგებარია, კაცმა, ან თუნდაც ქალმა აბსტრაქტულ მოვლენას თავი შესწიროს, თანაც სად – თავის მიწაზე კი არა, სხვაგან, სხვა ქვეყნის ბრძოლაში.

არადა ზუსტად 31 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს როცა ერთიანი საქართველო დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობდა, ასე თითქმის არავინ ფიქრობდა.

ასე ნამდვილად არ ფიქრობდა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ის ხალხი, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ხრუშჩოვის ოტწეპელში დაიწყეს და ბრეჟნევის უძრაობაში არ გაუწყვეტიათ.

“მშვიდობაც“ იყო, მინიმალური სოციალური გარანტიები და უსაფრთხოებაც, მით უმეტეს, ძალიან ელიტარული გამსახურდიასთვის. მაგრამ არ მოისვენეს, თავიც გაწირეს და თაობებმა, 31 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორია სისხლით, ცრემლით და ასევე აბსტრაქტული, მაგრამ მათთვის ასე მნიშვნელოვანი ეროვნული ღირსების შეგრძნებით დაწერეს.

31 წლის წინ, რეფერენდუმში მონაწილეობის მიმღებებიდან რომელიმე თუ წარმოიდგენდით, რომ მშვიდობისა და თავისუფლების ცნებებს შორის არჩევანს შემოგვაჩეჩბდნენ და იმის ახსნა მოგვიწევდა, რომ ეს დილემა კი არა – ერთი მეორისგან გამომდინარე მდგომარეობაა. თუ ადამიანი თავისუფალი არ ხარ, მშვიდად ვერ იქნები, არც მშვიდობა არ გექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვის ომშიც ისე წაასხამენ შენს შვილებს, რომ არც შეგეკითხებიან. ზუსტად ისე, როგორც ახლა შენსავე თანამოქალაქე ოსებს და აფხაზებს დონბასის “დამოუკიდებლობისთვის“ დასახოცად ერეკებიან.

უძრაობად წოდებულ ყველაზე მშვიდ პერიოდში, ბრეჟნევის დროსაც კი ძალით წაყვანილი ქართველები “ინტერნაციონალური ვალის მოსახდელად“ უაზრო ომებში იღუპებოდნენ. და ეს ყველაზე მშვიდობიან დროს. ასეთ ხალხს, ვისაც ამის ახსნა სჭირდება, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ მეგალომანიაკი პუტინი ბრეჟნევიც კი არ არის, რომ კრემლის ვარსკვლავის ჩრდილში ყოფნას თუნდაც პირობითი მშვიდობა მოჰქონდეს.

რიგით ადამიანებს რას ვერჩით, როცა მიწიერი რაციონალიზმის მიმართ წესით ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ინსტიტუტი იძლევა პოლიტიკური რაციონალიზმის საარაკო მაგალითებს.

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ, ის უყავით“ – ამ სიტყვებისა და გენუის კონფერენციისადმი ისტორიული მიმართვის ავტორს, რომლის ხსენებაც, სხვათა შორის გუშინ იყო, ახლა რომ ცოცხალი იყოს, რუსეთის გაღიზიანებასა და პრაგმატული პოლიტიკის ხაზთან წინააღმდეგობაში აუცილებლად დაადანაშაულებდნენ და წინდაუხედავობაში ამხელდნენ. რადგან წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაიას) სული მაინც შევაწუხეთ, მოდით, ბარემ კიდევ ერთი შეკითხვაც დავსვათ: რა პოზიციას გამოხატავდა ის მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ?

მოკლედ, ჩვენ ტომოსს კი არა, საკუთარ ისტორიასაც კი არ ვკითხულობთ და ვიაზრებთ, თორემ თავისუფლებასა და მშვიდობას, გმირობასა და თავდადებას, ზუსტად 31 წლის წინ სახელმწიფებრიობა აღდგენილი, უძველესი ერის სათავეში, ისტორიული გაუგებრობის შედეგად მოხვედრილი ჯგუფის საბურთაოდ არ ვაქცევდით და ამით იმ ქართველი მერძოლების ხსოვნას და გმირი უკრაინელი ხალხის ღირსებას არ შეურაცხვყოფდით, რომელთაც თურმე ვერ გაუგიათ მშვიდობის და კარგად ცხოვრების ოცნებისეული ფასი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share