“ბაჩიაშვილმა ივანიშვილს სილა ხელუკუღმა გააწნა” – ელისაშვილი

“ბაჩიაშვილმა ივანიშვილს სილა ხელუკუღმა გააწნა” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მოუწონა, რადგან მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბაჩიაშვილი საქართველოში დარჩებოდა, დაიჭერდნენ.

“გამოკეტავდნენ ციხეში და კიდევ ერთი პატიმარი იქნებოდა, მეტი არაფერი. ახლა მას აქვს რესურსები, რომ საერთო ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა” – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

იმაზე უფრო მოხერხებული და ყოჩაღი ყოფილა, ვიდრე მეგონა. შეხება არასდროს მქონია, არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ჩანს, მოხერხებული ტიპი ყოფილა. სწორია რომ წავიდა. მანამდეც სილა გააწნა ბაჩიაშვილმა. მნიშვნელოვანი რაღაცები გვაჩვენა და გვითხრა ივანიშვილთან დაკავშირებით და ახლაც კარგია, რომ წავიდა. რომ დარჩენილიყო, გამოკეტავდნენ ციხეში და კიდევ ერთი პატიმარი იქნებოდა, მეტი არაფერი. მას აქვს რესურსები, რომ საერთო ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა. ხელუკუღმა გააწნა სილა. კაცი, რომელიც ასე გეპარებათ, როგორი არიფები არიან იქ, ვინ მას უთვალთვალებდა”. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.  მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა. ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.

პარალელურად, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. ქვეყნიდან წასულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ბოსს ამჯერად ცენტრალური კრიმინალური პოლიცია   საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. ‘პირველების” ინფორმაციით, საქმის მასალები საგამოძიებო უწყებამ ბაჩიაშვილის ადვოკატს ცოტახნის წინ გადასცა. არ არის გამორიცხული, დღესვე სასამართლომ მისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზეც იმსჯელოს. სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურატურას შეეძლება ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადოს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკვე ინტერპოლით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share