რა უნდა იცოდეთ? რადიო თავისუფლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს ნოე მეგრელიშვილს ესაუბრა.
9 მარტიდან საქართველოში ქარს უდაბნოს მტვერი შემოაქვს და ეს პროცესი კიდევ ორიოდე დღე გაგრძელდება.
რა მოხდა?
საქართველოში ქარმა შემოიტანა უდაბნოს მტვერი და ამის გამო ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობა გაიზარდა, ზოგ შემთხვევაში ის ორჯერ აღემატება დამაკმაყოფილებელ ნორმას.
ეს საშიშია?
სახიფათოა, უფრო მეტად მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვების დაავადებები აქვთ.
როგორ გავიგოთ, სადაც ვარ, იქ საშიშია თუ არა ყოფნა?
ატმოსფერული ნალექის ხარისხის კონტროლის რუკაზე აღნიშნულია, სად რა მდგომარეობაა ჰაერის ხარისხის კუთხით რეალურ დროში.
თუ თქვენ იმყოფებით ყვითელ, წითელ ან შინდისფერ ზონაში, ფიზიკურად ზედმეტ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. განსაკუთრებით ეს ეხებათ ბავშვებს, მოხუცებს და იმათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვების პრობლემები აქვთ.
პირბადე დაგვჭირდება?
ყოველთვის არა, გააჩნია რა ზონაში ხართ.
„მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი შინდისფერ ზონაში არ არის [ყველაზე მწვავე], პირბადე არ უნდა გაიკეთოს“, – ამბობს ნოე მეგრელიშვილი.
რამე მნიშვნელობა აქვს, ადამიანი პირველ სართულზე ცხოვრობს თუ უფრო მაღალზე?
არა, რადგან მტვერი ყველგან თითქმის ერთნაირად ვრცელდება.
რომელი უდაბნოდან მოდის ეს მტვერი?
შუა აზიისა და საჰარის უდაბნოებიდან. მტვერი ძირითადად შემოდის კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხიდან, თუმცა შეიძლება ზღვიდანაც შემოვიდეს.
რამდენად ხშირად ხდება მსგავსი რამ?
საკმაოდ ხშირად, თვეში რამდენჯერმე.
რამდენად კარგად „ნიავდება“ საქართველო?
ზღვისპირა რეგიონი ამ მხრივ უფრო იღბლიანია, თბილისში კი უბნებს გააჩნია.
„მაგალითად, საბურთალო კარგად არის დაგეგმარებული, კვადრატებად და კარგად ნიავდება. ახალი განაშენიანებები, მათ შორის დიღომიც, სამწუხაროდ, არ არის ამ კუთხით კარგად დაგეგმილი. ასევე ცუდად ნიავდება მტკვრის მარცხენა სანაპიროც, რადგან იქ განაშენიანება ისტორიულად ქაოსური იყო“, – ამბობს ნოე მეგრელიშვილი.
სად არის წითელი ზონები თბილისში?
10 მარტის მონაცემებით, წითელი ზონები საქართველოში არის თბილისში (აღმაშენებლის გამზირი), ზუგდიდში (რუსთაველის ქუჩა), ბათუმში (აბუსერიძის ქუჩა) და რუსთავში (ბათუმის ქუჩა).
radiotavisupleba.ge