საქართველოს ელჩი ბელარუსში: უნდა დავაახლოოთ ჩვენი ერები

საქართველოს ელჩი ბელარუსში, გიორგი საგანელიძე ამბობს, რომ საჭიროა ბელარუსი და ქართველი ხალხის დაახლოება.

ამის შესახებ ახალდანიშნულმა ელჩმა ბელარუსულ სამთავრობო მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ქვეყნის ავტოკრატმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მისგან და კიდევ რვა ქვეყნის ახალი ელჩისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო.

“არსებობს ურთიერთგაგება, რომ უნდა დავაახლოოთ ჩვენი ერები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილი, უნდა განვითარდეს თანამშრომლობა. ჩვენ გვესმის, რომ რთული დროებაა. შესაბამისად, უნდა ვიპოვოთ შეხების წერტილები და განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები იმ მიმართულებებით, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივა.” – თქვა ბელარუსულ მედიასთან ელჩმა.

ელჩების მიღების დროს ალექსანდრ ლუკაშენკომ ქართული ოცნების ნაბიჯები შეაქო და თქვა, რომ ეს მათ “მიდგომებს შეესაბამება”.

ბელარუსმა სამთავრობო ჟურნალისტებმა საგანელიძეს დაუსვეს კითხვა მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობის ძველ დონეზე დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ, რაზეც მან უპასუხა: “საჭიროა გამოსავლის ძებნა. მთავარია ჩვენს ქვეყნებში, ჩვენს რეგიონებში მშვიდობა იყოს. დანარჩენი კი, იმედი მაქვს, უკეთესობისკენ წავა”.

საგანელიძე 2023 წლის სექტემბრიდან ბელარუსში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.

საგანელიძის თქმით, თუ “ორი ან მეტი მხარის სურვილი არსებობს”, საჭიროა ურთიერთობების განვითარება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ბელარუსთან მჭიდრო დიალოგის დამყარების სურვილი გააჩნია.

“რა თქმა უნდა. ეს ორმხრივი მოძრაობაა. ნებისმიერ ურთიერთობაში ასეა – საჭიროა ურთიერთობის განვითარება, თუ არსებობს ორი ან მეტი მხარის სურვილი. ბელარუსის ხელისუფლებასაც და საქართველოს ხელისუფლებასაც ასეთი სურვილი გააჩნია. ვფიქრობ, რომ ძლიერ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოვა.” – უპასუხა საგანელიძემ კითხვას, ხედავენ თუ არა საქართველოში ბელარუსის მხრიდან უფრო მჭიდრო დიალოგის დამყარების სურვილს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share