“ელიტა ცდილობს, სააკაშვილზე შური იძიოს და ტალახი აცხოს” – თემურ ჯანაშია

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას, ამავე საქმის ფიგურანტი, თემურ ჯანაშია “ქართული ოცნების” მიერ მეხუთე პრეზიდენტის წინააღმდეგ შურისძიებად აფასებს.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი  აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ივანიშვილის რეჟიმი ისტორიაში მე-3 პრეზიდენტის როლის დაკნინებას ცდილობს.

”ეს არის შურისძიება. შურისძიება ადამიანზე, რომელიც წარმატებული იყო თავის მოღვაწეობის პერიოდში. დღევანდელი ხელისუფლების ელიტა ცდილობს, შური იძიოს მასზე, ტალახი აცხოს, დააკნინოს მისი როლი ისტორიაში. ეს არის მათი მოტივი…

დარწმუნებული ვარ, მე არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია. ჩვენ დავადგენთ სიმართლეს. მე ვერ ვიტყოდი, რომ 11-წლიან ბრძოლას შედეგი არ მოყვა. შეიცვალა კვალიფიკაცია. შემდეგს მომავალი გვაჩვენებს. გავაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოში.” – განაცხადა თემურ ჯანაშიამ. 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share