„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, რომელიც სხვა ბევრ რამესთან ერთად, მაგალითად, კრძალავს აქციების დროს სახის დაფარვას, საპროტესტო აქციების მონაწილეების უმრავლესობა, ბოლო პერიოდია, რუსთაველის გამზირზე „სახედაფარული“ გადის.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, პენსიონერი ქალი, ყოველ საღამოს რუსთაველზე დგას. ცდილობს, სახის დაფარვის სხვადასხვა ხერხი მოიფიქროს. წუხელ საკარნავალო ნიღაბი ეკეთა:
„შეიძლება ცოტა სასაცილოდ გამოვიყურები, მაგრამ პროტესტის ფონზე ყველაფერი მისაღებია შესანიღბად. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი ჯარიმებით გამდიდრდეს სახელმწიფო, რომელიც ჯარიმებისგან მიღებულ ფულს არა ქვეყნის განვითარებისთვის, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ.
ჩვენ თუ რამე მივაღწიეთ, იქნება ეს სანქციები თუ არჩევნების არაღიარება თუ არალეგიტიმური მთავრობა და პრეზიდენტი, ეს ხომ იმითაა გამოწვეული, რომ ხალხი უწყვეტად აპროტესტებს ამ მთავრობის მიერ გაყალბებულ არჩევნებს“, – ამბობს ქალი.
ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა, საპროტესტო აქციებზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო, სავარაუდოდ, უკვე ასობით ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის, ზოგი რამდენჯერმე. არიან ისეთებიც, რომლებსაც ოთხი, ხუთი და მეტი საჯარიმო ქვითარი აქვთ მიღებული.
შსს ამბობს, რომ ამ ეტაპზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო დაჯარიმებულთა მონაცემები დამუშავებული არ აქვს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „112“-ის კუთვნილი რამდენიმე ათეული სახის ამომცნობი კამერაა დამონტაჟებული. საპროტესტო აქციებში მონაწილეთა უმეტესობის ვინაობას სწორედ ამ კამერებით ადგენენ.
ჩინური წარმოების (Dahua) კამერები (ამ კომპანიას ეკუთვნის შსს-ს, 112-ის კამერები) სახის მაღალი გარჩევადობის ვიდეოს და ფოტოებს იღებს, რაც პოლიციას სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აძლევს საშუალებას, ძალიან მალე შეძლოს იმ მოქალაქეების იდენტიფიცირება, რომლებიც მაგალითად, „გზას ხელოვნურად კეტავენ“.
Dahua Technology 2019 წლის შემდეგ სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ – კომპანიის ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა იყენებდა სინძიანის პროვინციაში მცხოვრები უიღურების რეპრესიულ იარაღად. კამერებს შეეძლო უიღურების ამოცნობა და მათი და ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმიც ამ მეთოდით უთვალთვალებდა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს.
როგორ ამოიცნობს კამერა სახეს?
თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ალგორითმებს, ადამიანის სახის ამოცნობა 99,8%-იანი სიზუსტით ჯერ კიდევ 2014 წლიდან შეუძლია. ბოლო წლებში კი სისტემა ისე დაიხვეწა, რომ სახის ამომცნობი კამერა, ადამიანის ამოცნობას თითქმის 100%-იანი სიზუსტით რამდენიმე წამში ახერხებს და ამისთვის არ სჭირდება, რომ ეს ადამიანი იდგეს, მაგალითად, განცალკევებით, გაუნძრევლად და მაინცდამაინც კამერაში იყურებოდეს.
სახის ამომცნობ კამერას, კონკრეტული ადამიანის დაფიქსირება და მისი იდენტიფიცირება რეალურ დროში შეუძლია უამრავ ხალხს შორის, პროფილში დგომისას, მოძრაობისას. ანუ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კუთხიდან დაინახავს კამერა ადამიანს, მთავარია, მან მის სახეზე რამდენიმე წერტილი, ანუ, „სახის ანაბეჭდი“ მონიშნოს, რომელიც ყველა ადამიანისათვის ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი.
„სახის ანაბეჭდს“ ქმნის – თვალის ბუდეები, ცხვირი და ნიკაპი. „ჭკვიანი კამერების“ შესაძლებლობების აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ობიექტივი კითხულობს ადამიანის სახის გეომეტრიას – თვალის ბუდეების სიღრმეს, მანძილს შუბლიდან ნიკაპამდე, ყურებისა და ნიკაპის კონტურებს, იღებს ფოტოს და ამის შემდეგ იწყება სახის ანალიზი.
სახის ამომცნობი ტექნოლოგიების უმეტესობა იყენებს 2D ან 3D გამოსახულებებს, რადგან სპეციალისტების თქმით, 2D გამოსახულების შედარება და დამთხვევა უფრო მარტივია როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომ, ისე მონაცემთა ბაზაში დაცულ ფოტოებთან.
„ეს უკვე პერფორმანსად იქცა, ჩვენც ვერთობით“
„გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო გამოწერილი ჯარიმების უმეტესობა უკვე გასაჩივრებულია. პროცესები მიმდინარეობს სასამართლოშიც.
დაჯარიმებულთა ნაწილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღიათ, იმ დროს მივიდნენ აქციაზე, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო და ამას „112“-ის კამერების ჩანაწერებიც ადასტურებს. ნაწილი ამბობს, რომ იმავე კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ ისინი არა გზის სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე დგანან.
საპროტესტო აქციების პარალელურად გამკაცრებული კანონების, მათ შორის, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, რომელიც სხვა ბევრ რამესთან ერთად, მაგალითად, კრძალავს აქციების დროს სახის დაფარვას, საპროტესტო აქციების მონაწილეების უმრავლესობა, რუსთაველის გამზირზე მისვლისას სახეს სხვადასხვა მეთოდით იფარავს.
ქოლგა, ჩაფხუტი, საკარნავალო ნიღაბი, სამედიცინო პირბადე, საზღვაო ქუდი, კეპი, მზის სათვალე – სახის დასაფარად ათასგვარ ხერხს იყენებენ.
„გზის გადაკეტვაზე 5000 ლარი ჯარიმაა, სახის დაფარვაზე – 2000. ამიტომ მირჩევნია ისევ სახის დაფარვის გამო დამაჯარიმონ“, – მეუბნება 47 წლის ნინო, რომელიც ბოლო კვირებია აქციაზე პირბადით, კეპით და კეპზე წამოფარებული კაპიუშონით დადის.
„რამდენადაც ვხვდები, ერთხელ თუ შეძლეს იდენტიფიცირება, შემდეგ უფრო მარტივდება შენი დაფიქსირება და მეტი და მეტი ჯარიმა მოგდის.
მას შემდეგ, რაც ძალიან გახშირდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმება, დავიწყე კეპის ტარება. ვცდილობ, თვალები მაქსიმალურად დავფარო. ბოლო პერიოდია, კეპს „ჰუდი“ და პირბადეც დავუმატე. სახის დაფარვის გამო ჯერჯერობით არავის დავუჯარიმებივარ. სანამ შესაძლებელია, რომ ასე ვიაროთ, ვივლი, მერე რა იქნება, არ ვიცი“.
საპროტესტო აქციების კიდევ ერთმა მონაწილემ, ყოფილმა საჯარო მოხელემ, ასევე ნინომ, როგორც საკუთარი, ისე მეგობრების დაკვირვებით, სახის ამომცნობი კამერებისგან თავის დასაცავად ასეთ ხერხს მიაგნო – მზის სათვალე.
„21 თებერვლის მერე ჯარიმა აღარ მიმიღია. სათვალით სიარული დავიწყეთ. სავარაუდოდ, სათვალე კარგად მუშაობს ამომცნობ კამერებთან. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, გვიცავს. სხვებიც ასე ამბობენ.
ჩემს ერთ-ერთ მეგობარს 4 ჯარიმა აქვს და მას მერე, რაც სათვალე გაიკეთა, აღარ მოსვლია ჯარიმა. რა თქმა უნდა, ცოტა დისკომფორტია ღამით მზის სათვალით სიარული, მაგრამ 5000-ლარიან ჯარიმას ჯობია.
რეალურად, ამ ჯარიმებისაც არავის ეშინია. ვინც იქ ვდგავართ, ჯარიმებისთვისაც მზად ვართ, მაგრამ თუკი შესაძლებელია, რომ სისტემა რაღაცით გაჭედო, რატომაც არა. ამ ყველაფერმა უკვე პერფორმანსის სახე მიიღო, აქციებზე გამორჩეული ნიღბებითა თუ თავსაბურავებით სიარული გამოხატვის საშუალებად იქცა. ცოტათი ჩვენც ვერთობით“, – ამბობს ნინო.
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა დაკისრებულ ჯარიმებს ასაჩივრებს და ამასთანავე, ჯარიმების დასაფარად არაერთი ფონდიც შეიქმნა, მათ შორის, „ფროსფერითი ჯორჯია“, „ნანუკას ფონდი“, „ერთმანეთისთვის“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, „საქართველოს უნივერსიტეტი“, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჯარიმებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი მიზეზი ფონდების თანხების დაზოგვაა:
„ძალიან ბევრი კარგი ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ადამიანებს ჯარიმების დაფარვაში, თუმცა ამ რესურსების ამოწურვა ლოგიკურია და შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევიფუთოთ, რათა არც ჩვენ გავირთულოთ საქმე და სხვისი ჯიბეებიც არ გავასქელოთ“, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც წუხელ პარლამენტის წინ განსხვავებული ქუდით, მზის სათვალითა და პირბადით მივიდა:
„ჩემზე პატარა ბიჭები დღეს გამოკეტილნი არიან, ტყვეობაში. ღმერთმა არ ქნას, მოსაღამოვდეს და იმ ბიჭებთან მივიდეს ინფორმაცია, რომ მათმა თანამებრძოლებმა ამ ღამეს ვეღარ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. ეს იქნება ტრაგედია როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება ღალატი“, – ამბობს „კაპიტნის“ ქუდიანი ახალგაზრდა კაცი.
radiotavisupleba.ge