ეუთო/ოდირის უმწვავესი ანგარიშის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვაში საქართველოს მოქალაქეებიც ადანაშაულებენ – ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკას უწყვეტად აპროტესტებენ, ამბობენ, რომ მმართველი პარტია მათი ხმის ჩასახშობად სხვადასხვა ტიპის რეპრესიებს იყენებს.
ერთ-ერთი ასეთი მოქალაქეა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც “პირველებთან” საუბრის დროს აცხადებს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარებული აქციის გამო 9 ადამიანი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს.
ადმინისტრაციამ სამჯერ გამოგვიძახა პოლიცია. პირველად როცა მოვიდნენ გაგვაფრთხილეს, რომ თუ კიდევ განმეორდებოდა, მაგ შემთხვევაში დაწერდნენ ჯარიმებს. გამოიძახა ადმინისტრაციამ და გამოგვიწერეს 9 ადამიანს 5 ათას ლარიანი ჯარიმა. ადმინისტრაცია ცდილობდა 83 დღის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად ჩაეხშო ჩვენი პროტესტი. ამ ყველაფრით გვიზღუდავენ თავისუფლებას და ჩვენ ზუსტად თავისუფლებისთვის ვიბრძვით. მე უნდა მქონდეს უფლება, რომ ჩემი თავისუფალი აზრი გამოვხატო ყველგან, თუ ამით არ ვაყენებ შეურაცხყოფას.” – განაცხადა მოქალაქემ.
ერთპარტიული პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების რეპრესიულ ხასიათზე სამოქალაქო აქტივისტებიც საუბრობენ.
მარიამ სიჭინავა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ახალი დებულებები და წესები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნას ემსახურება.
“ქართული ოცნება” დევნის არა მარტო აქტივისტებს, არამედ დევნის განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანს. ის საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება აღარ დარჩეს ადამიანი, რომელმაც თავისი აზრი შეიძლება თავისუფლად დააფიქსიროს. მარტოხელა დედისთვის ამ ქვეყანაში 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა შეუძლებელია, მითუმეტეს 10 დღის ვადაში. სესხი ავიღო ბანკში და ისე დავფარო, ამას არ ვიზამ. რასაც “ქართული ოცნება” ჩვენ წინააღმდეგ აკეთებს ემსახურება ჩვენს შეშინებას”. – განაცხადა მოქალაქემ.
შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა.
- ODIHR-ი წერს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, განსაკუთრებით ICCPR-ის 21-ე მუხლსა და ECHR-ის 11-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
- ODIHR-ი ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებს, რომ დამტკიცებული ცვლილებები სრულად გააუქმოს, რადგან მათივე განმარტებით, კანონმდებლობაში შეტანილი ახალი დებულებები და წესები არადემოკრატიულია.