ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით გაიმართა.
როგორც კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ორივე მხრიდან ურთიერთობების გადატვირთვის ინტერესი გამოითქვა.
“ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ მანამდე არაერთხელ გავაკეთე საჯარო განცხადება, რომ ჩვენი სურვილია სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არამარტო დავიწყოთ, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები” – თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, არის ღირებულებითი თანხვედრა. მაგრამ ურთიერთობების გადასატვირთად, აშშ-მ ჯერ “დიფ სთეითის” გავლენები უნდა დაამარცხოს.
“რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, თანხვედრა არსებობს, მთავარია კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ “დიფ სთეითი” აშშ-ში. პრობლემები კვლავაც არის, კვლავაც არის “დიფ სთეითის” სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება “დიფ სთეითის” სრულად თუ თვისობრივად დამარცხება, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვას” – თქვა კობახიძემ.