“დაუშვებელია საჯარო მოხელეების გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციის გამო” | ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატი საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოცემული ეტაპისთვის აპარატი შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს შეისწავლის, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება.

ომბუდსმენის თქმით, საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.

“ამასთან, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო.

2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულად შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე. საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მომართა და მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება”, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ უფლებადარღვეული სუბიექტების პოზიციებსა და მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც ქვეყანაში პროევროპული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ათობით საჯარო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ეს მათ საჯარო პროტესტს უკავშირდება და გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია. თავის მხრივ ოლიგარქის რეჟიმი სხვადასხვა საჯარო სამსახურიდან მოქალაქეების გათავისუფლებას “რეორგანიზაციით” ხსნის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share