აღმოაჩინეს თუ არა პირამიდების ქვეშ სვეტები და ქალაქი?

ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ხეფრენის პირამიდის ქვეშ დიდი მიწისქვეშა “დამალული ქალაქი”, “სვეტის” მსგავსი სტრუქტურები და კირქვის პლატფორმა აღმოაჩინეს, რომლებიც მიწისქვეშ დაახლოებით 640 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.

ეს ცნობები პიზის უნივერსიტეტის მკვლევრის, კორადა მალანგასა და შოტლანდიის სტრათკლაიდის უნივერსიტეტის მკვლევრების, ფილიპო ბიონდისა და არმანდო მეის, მტკიცებებს ეფუძნება, რომლებსაც რიგი გამოჩენილი ეგვიპტოლოგები უარყოფენ, ხოლო საკვლევ მეთოდს არამეცნიერულად მოიაზრებენ.

კვლევის ავტორების თქმით, ამ დასკვნებამდე რადარული და სატელიტური გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე მივიდნენ. მათი მტკიცებით, თავიანთი მეთოდოლოგიის გამოყენებით ხეფრენის პირამიდის ქვეშ 640 მეტრზე დიდ სიღრმეში კირქვის პლატფორმა და “სვეტების” მსგავსი ვერტიკალური ნაგებობები აღმოაჩინეს.

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების ყოფილი მინისტრი, ზაჰი ჰავაასი კვლევის შესახებ გამოცემა The National-ს ელაპარაკა და მისი დასკვნები ეჭვქვეშ დააყენა.

სიძველეების ყოფილმა მინისტრმა მკვლევართა მტკიცებებს “სრულად მცდარი” უწოდა და აღნიშნა, რომ საკვლევად გამოყენებული ხერხები “არც მეცნიერულად მიღებული და არც დადასტურებული არ არის”.

ჰავაასმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი მიწისქვეშა სტრუქტურების არსებობა არ გამოუვლენია ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც სხვა უფრო გამოცდილ მეთოდოლოგიებს, მაგალითად, მუონების ტომოგრაფიას, გრავიმეტრიასა და ჩვეულებრივი ტიპის რადარის გამოყენებას, ეფუძნებოდა.

სადავო კვლევის ავტორები პირამიდას აღწერენ, როგორც “დიდ რეზონანსულ კამერას”. მკვლევრები ირწმუნებიან, რომ პირამიდა არ იყო მხოლოდ ფარაონის აკლდამა, არამედ წყლითაც ივსებოდა და “დაბალი სიხშირის ვიბრაციებს” წარმოქმნიდა.

სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს თეორია ზედმეტად სპეკულაციურია და არქეოლოგიურ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა.

მკვლევრები ირწმუნებიან, რომ პირამიდის ქვეშ “არის მთელი დამალული სამყარო მრავალი სტრუქტურით” და “ხეფრენის პირამიდაში შესაძლოა აღმოუჩენელი საიდუმლოებები იმალებოდეს, განსაკუთრებით კი მითური “ცოდნის დარბაზი””.

“როდესაც ამ სურათებს გავადიდებთ, გამოვავლენთ, რომ რაც მის მიღმა მდებარეობს მხოლოდ ჭეშმარიტ მიწისქვეშა ქალაქად შეიძლება ჩაითვალოს”. – წერია მკვლევრების განცხადებაში.

დაუდასტურებელი და ნაკლებად სარწმუნო წარმოდგენების თანახმად, პირამიდების ქვეშ მითური “ცოდნის დარბაზი” იმალება – ძველი ეგვიპტური ბიბლიოთეკა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას შეიცავს.

დენვერის უნივერსიტეტის პროფესორმა და რადარების ექსპერტმა, ლოურენს კონიერსმა გამოთქვა ეჭვი, რომ საკვლევად გამოყენებულ ტექნოლოგიას პირამიდების მკვრივ კირქვაში შეღწევა არ შეუძლია და ამიტომ კვლევის შედეგები ნაკლებად სარწმუნოა, მიწისქვეშა ქალაქის იდეა კი “უზარმაზარი გაზვიადებაა”.

მიუხედავად ამისა, კონიერსმა აღნიშნა, რომ პირამიდების ქვეშ მცირე ზომის სტრუქტურები, მაგალითად ოთახები, შეიძლება მდებარეობდეს და ხაზი გაუსვა, რომ “მაიას ხალხი და ხალხები ძველ მეზოამერიკაში პირამიდებს ხშირად აშენებდნენ ისეთი გამოქვაბულებისა და მღვიმეების შესასვლელებზე, რომლებსაც ცერემონიული მნიშვნელობა ჰქონდა”.

2022 წელს ჟურნალ Remote Sensing-ში მალანგასა და ფილიპო ბიონდის მიერ გამოქვეყნებული სტატიაში პირამიდების ქვეშ არსებული სტრუქტურების შესახებ მსგავს მტკიცებებს შევხვდებით, რომლებიც მსგავს მეთოდოლოგიას ეყრდნობა.

Remote Sensing-ის სტატიამ რეცენზიის პროცესი გაიარა, მაგრამ DailyMail-ის თანახმად, ბოლოდროინდელ მიგნებებს, რომლებიც გასულ თვეს იტალიაში წარადგინეს, აკადემიური რეცენზია არ გაუვლია.

tabula.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share