ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს” სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
კანონპროექტი ბიუროზე 31 მარტს დარეგისტრირდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ “ენმ-ს მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად აღიარების კანონპროექტი” წარადგინეს.
“წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება.” – წერია ოცნების მიერ წარდგენილ კანონპროექტში.
დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან “ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.”
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან პაკეტში ოცნებამ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტიც დააინიცირა.
კერძოდ – ორგანული კანონის 22-ე მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობაზე წარდგენილ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტანიდან 9 თვეს, საარჩევნო პერიოდში კი – 14 დღეს.
“41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
42. პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 14 დღეს.” – წერია კანონპროექტში.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, ამ დრომდე აღნიშნული სარჩელის მიმართ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი მოქმედებს, რომელიც საკითხის განსახილველად 9-თვიან ვადას ადგენს. შესატანი ცვლილებით განისაზღვრება და შემცირდება სარჩელის განხილვის ვადები, რასაც ოცნება შემდეგნაირად ასაბუთებს:
“გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ პოლიტიკური პარტიები, მნიშვნელოვანია, რომ მათი საქმიანობის მიმართ არსებობდეს ეფექტური საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკითხის დროული განხილვა წარმოადგენს. ამრიგად, მიზანშეწონილია, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის მიმართ დადგინდეს ზოგადი, 9 თვიანი, ვადისგან განსხვავებული, შემჭიდროებული ვადები.
ასევე, ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცვლილება განხორციელდეს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში. პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების შემჭიდროებულ ვადაში მიღების პირობებში, მიზანშეწონილი იქნება შეჩერდეს ზოგად წესს დაქვემდებარებული საკითხების განხილვის ვადა.”
დოკუმენტის მიხედვით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება და არ ექნება უკუსვლა.