დღეიდან, პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა

დღეიდან, პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა. ოლიგარქის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტის განხილვა პროევროპული აქციების ფონზე დაიწყო და დაჩქარებული წესით გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს რამდენიმე ახალი მუხლი დაემატა, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან ან/და რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის:

  • პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
  • პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა კი გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

გარდა ამისა, ბავშვთან ერთად მშობელსაც ან მის კანონიერ წარმომადგენელსაც დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში თუ:

  • არასრულწლოვანი შეიძენს, გამოიყენებს ან თან ექნება პიროტექნიკური ნაწარმი;
  • ან არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებას ან მოთხოვნას;
  • ან რამენაირ შეურაცხყოფას მიაყენებს, მაგალითად, სიტყვიერს.

ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share