დიდი რუსული რეპრესიები აფხაზეთში – რატომ დაერია კრემლი ჟურნალისტებს?!

მოსკოვმა “არასასურველი” და კრიტიკულად განწყობილი აფხაზი ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და პერსონალური რეპრესიების ტალღაც აგორდა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მარტში “უცხოეთის აგენტების” რეესტრში სამი ცნობილი აფხაზი ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეიტანა. შავი სია 7 მარტს “ჩეგემსკაია პრავდის” რედაქტორმა ინალ ხაშიგმა გახსნა, ხოლო 21 მარტს “აგენტების” ჩამონათვალს კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი შეემატა – “ნუჟნაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი იზიდა ჭანია და ახალი ამბების სააგენტო “აიაშარას” რედაქტორი ნიზფა არშბა.

რუსულ ოფიციალურ ბრალდებაში ნათქვამია, რომ სამივე რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ “ცრუ ინფორმაციას” ავრცელებდა. ისინი გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობის გამო გამოცხადდნენ აგენტებად. თავად აფხაზეთში ამ “სამ აგენტს” საქართველოსთან ურთიერთობაშიც ედებათ ბრალი, რეალურად კი სამივეს ერთი რამ აერთიანებთ – აქტიურად აკრიტიკებდნენ დე ფაქტო ხელისუფლებას კრემლიდან დავალებული ინიციატივების გამო: გამოდიოდნენ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ, აპარტ-ოტელების კანონის მიღებისა და ბოლოს რუსულ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების მცდელობის წინააღმდეგ, რასაც ნოემბერში ასლან ბჟანიას გადაყენებაც მოჰყვა.

რეპრესირებული ჟურნალისტებიდან ხაშიგსა და ჭანიას ორმაგი მოქალაქეობა აქვთ – აფხაზურიც და რუსულიც, ხოლო ნიზფა არშბას მხოლოდ აფხაზური, მიუხედავად ამისა, ის მაინც აღმოჩნდა რუსული რეესტრის სადამსჯელო სიაში, რამაც აფხაზეთში დამატებითი უკმაყოფილება გააჩინა: აფხაზეთი რუსეთის ნაწილი არ არის… რუსეთი ხელყოფს “აფხაზეთის სუვერენიტეტს”…

“მე არა ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არც არასდროს ვყოფილვარ. არც აფხაზეთი არ არის რუსეთი”, – განაცხადა აგენტად გამოცხადების შემდეგ ნიზფა არშბამ.

იზიდა ჭანიამ კი “ეხო კავკაზაზე” გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით: “თავად სიტყვის თავისუფლება გამოცხადდა უცხოურ აგენტად”.

რაც შეეხება ინალ ხაშიგს, აგენტად გამოცხადების შემდეგ მან გადაცემის ჩაწერა და ტელეგრამარხზე აქტიურობა შეაჩერა.

აქტიური აფხაზების წინააღმდეგ დაწყებული რუსული სანქციების გამო მღელვარება არ ცხრება აფხაზი საზოგადოების ნაწილში და დე ფაქტო ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ე.წ. მთავრობა დუმს, რის გამოც რამდენიმე პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას გადადგომაც მოითხოვეს იმ პრეტენზიით, რომ სამინისტრომ რეაგირება არ მოახდინა სანქციების დაწესებაზე და შამბამ “ვერ გაართვა თავი მოქალაქეთა სუვერენიტეტისა და უფლებების დაცვას”. ითქვა ისიც, რომ ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტში შამბას წინააღმდეგ უნდობლობის საკითხს დააყენებს.

ოპოზიციონერი ნატალია სმირი აცხადებს, რომ ბოლო მოვლენები აფხაზეთის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ორგანიზაცია “ახიაცას” ხელმძღვანელი ახრა ბჟანიას თქმით, სანქციები “უსამართლო, შორს მიმავალია და აზიანებს რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებს”.

მათი განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების დუმილი მთავარი პრობლემაა დასჯილი ადამიანებისთვის – მათთვის ჯერ არავის აუხსნია, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს მათთან მოსკოვს, რომლისთვისაც, როგორც განმარტავენ, აუგი არასოდეს უკადრებიათ. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ არსებობს, ეს შავი პიარი ბჟანია-გუნბას გუნდმა ააგორა, ჟურნალისტებიც მხოლოდ “საკუთარი ხელისუფლების” ქმედებებს აკრიტიკებდნენ, თუმცა, თუ ეს უსამართლო დასჯა არ შეწყდება, არის საფრთხე, რომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობები გაჩნდეს.

იზიდა ჭანიასა და ნიზფა არშბას “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადებამდე სულ რაღაც ორი საათით ადრე რუსულმა ტელეარხმა NთV-მ გაუშვა სიუჟეტი, რომელსაც ბევრმა “საჯარო დენონსაცია” უწოდა. მასში ნათქვამი იყო, რომ ოპოზიციონერი ჟურნალისტები დაფინანსებას USAID-ისგან იღებენ, ავრცელებენ ანტირუსულ განწყობებს და ეჭვქვეშ აყენებენ ხალხის პოლიტიკური არჩევნის “სისწორეს”. სიუჟეტში ჭანიასა და არშბას “უცხოები საკუთარ თავში” უწოდეს, ხოლო ორი საათის შემდეგ მათ ოფიციალურად მიენიჭათ უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი “აგენტების” სტატუსი.

ამის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სამთავრობო ტელეგრამარხებმა “სოვმინმა” და “ამრა-ლაიფმა” დაიწყეს “კომპრომატების” გავრცელება, რომ “აგენტი” ჟურნალისტები წლებია თანამშრომლობენ USAID-სა და საქართველოსთან და მათი ფულით ეწეოდნენ “ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და ანტირუსული განწყობების მხარდაჭერას”.

იზიდა ჭანიაზე ასევე წერენ, რომ “რადიო თავისუფლების” რუსულ გამოცემა “ეხო კავკაზასთან” თანამშრომლობს, რაც რუსეთში აკრძალულია. ამას გარდა, თანამშრომლობდა არა მხოლოდ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოს სპეცსამსახურებთანაც. აცხადებდა, რომ “აფხაზეთი მზად არ არის აღიარებისთვის”. ასევე 2024 წელს USAID-ის მხარდაჭერით სტამბოლში გამართულ ფორუმზე, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ, გამოხატა ანტირუსული რიტორიკა და განაცხადა, რომ არ არის აღფრთოვანებული რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით: “სულაც არ გამიხარდა რუსეთის აღიარება… ქვეყანაში არეულობაა და რუსეთი ამით სარგებლობს”.

ნიზფა არშბას საქართველოსთან თანამშრომლობის “კომპრომატად” გამოაქვეყნეს კოვიდეპიდემიის დროს “რუსთავი 2”-თან ჩაწერილი ინტერვიუ, რომლის დასაწყისში ქართველი ჟურნალისტი ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდის” გამო შექმნილ მძიმე ვითარებაზე აფხაზი კოლეგა ჩაწერა.

ე.წ. აფხაზური პროსახელისუფლებო ტელეგრამარხები აცხადებენ, რომ მიუღებელია, როცა “საკუთარი ქვეყნის” ოკუპირებულად მოხსენიებას არ აპროტესტებს ჟურნალისტი. დაიწერა ისიც, რომ ნიზფა “დაბადებით ქართველია, ქართული სისხლი აქვს, გვარად კეკელიძე იყო და ომის შემდეგ გახდა არშბა – მიეცით საშუალება, თავად თქვას ეს, ჰკითხეთ ვინმეს ან ჰკითხეთ თანაკლასელებს. ახლა კი სისხლი უდუღს”…

აღსანიშნავია, რომ ნიზფა არშბა ის ჟურნალისტია, რომელმაც პირველმა გაავრცელა 13 მარტს გაგრაში მაისურის გარეშე ქუჩაში სიარულისთვის რუსი ტურისტის დაჭრისა და ამ თავდასხმაში გაგრის ე.წ. გამგებლის იური ხაგუშის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. ხოლო მას შემდეგ, რაც დე ფაქტო სამთავრობო მედიებმა ის სიცრუეში დაადანაშაულეს და დანანებით დაწერეს, ცუდია აფხაზეთში აგენტების გამოსააშკარავებლად “აგენტების კანონი” რომ არ მოქმედებსო, ჟურნალისტი სოჭის საავადმყოფოში წავიდა ფაქტის დასადასტურებლად. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა იძულებული დე ფაქტო შს სამინისტრო ფაქტზე გამოძიება დაეწყო.

“წახვალთ ჩემს წინააღმდეგ, პერსონალურად დაისჯებით!”

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: – აგენტების სიაში მოხვდა ის ხალხი, ვინც დაკავშირებულია საერთაშორისო გრანტებთან, რუსეთში კი საერთაშორისო ორგანიზაციები მიჩნეულია მტრის აგენტურად. ახლა ჩვენთანაც ცდილობენ შეზღუდონ საერთაშორისო დაფინანსება როგორც მედიისთვის, ისე არასამთავრობოს სექტორისთვის, რუსეთში კი ეს ბევრად ადრე დაიწყო და ბევრად მკაცრი “აგენტების კანონი” აქვთ. რუსეთს აფხაზეთშიც სურდა ამ კანონის მიღება და რადგან პროტესტის გამო ეს ვერ მოახერხა, ახლა ცდილობს თავისი კანონის ფარგლებში მოაქციოს ის პირები, ვინც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან აფხაზეთში.

ამ კანონის მისადაგება აფხაზებისთვის კომიკურია, თანაც, ნიზფა არშბას არა აქვს რუსეთის მოქალაქეობა და გასაკვირია, როგორ მიუსადაგეს თავიანთი კანონმდებლობით. ამ სანქციით ეს ჟურნალისტები აფხაზეთში ჩაკეტეს. თუკი თავიანთ პუბლიკაციებს არ მიაწერენ, რომ აგენტის გავრცელებულია, რუსეთში ვერ ჩავლენ. როგორც ვიცი, რუსეთში ჯერ არ ყოფილა სს საქმე აღძრული იმის გამო, რომ ვიღაცამ აგენტი არ მიაწერა ნაშრომს, თუმცა ახლა ცდილობენ მწერალ ბორის აკუნინის წინააღმდეგ გამოიყენონ ეს ნორმა. თუ ეს პრეცედენტი დაიშვება, მაშინ ყველა ამის შიშით იცხოვრებს. ასეთი აქტიური ადამიანებისთვის ძალიან რთულია აფხაზეთში გამოკეტვა. ჩვენი, არაოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის გავლით რაღაც ურთიერთობების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ამის გამო თავად აფხაზეთში შეექმნებათ პრობლემები.

ეს ყველაფერი რუსეთის სადამსჯელო ოპერაციაა. მოსკოვი აფხაზებს მკაფიო მესიჯს უგზავნის – გაკვირდებით, წახვალთ ჩემს წინააღმდეგ, პერსონალურად დაისჯებითო. რუსეთი აჩვენებს, რომ მისთვის მიუღებელია რუსული პოლიტიკის კრიტიკა ნებისმიერი ფორმით. ჯერ კიდევ “საარჩევნო” პროცესში კან კვარჩიას და ლევან მიქაას ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა – ესეც გაფრთხილება იყო. ამით სურთ ველი გაწმინდონ, რადგან რუსეთს რუსული კანონები აქვს დასამტკიცებელი. აფხაზური არასამთავრობოების წინააღმდეგ დიდი ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული რუსეთიდან გამოგზავნილ ინალ არძინბას, როდესაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ახლა ვკითხულობ, რომ აფხაზურ პოლიტიკაში არძინბას დაბრუნება განიხილება. თუ ეს მოხდა, არასამთავრობოების წინააღმდეგ ბრძოლა არ შეწყდება, თავად არძინბა კი მომავალი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე იმ წლოვანების იქნება, როდესაც კენჭისყრის უფლება ექნება და მოსკოვი მას დასვამს “პრეზიდენტობის” კანდიდატად.

– აქტიური ჟურნალისტების აგენტებად გამოცხადების შემდეგ აფხაზეთში კრიტიკული განცხადებები კეთდება დე ფაქტო ხელისუფლებაზე და არა კრემლზე, რომელიც სჯის მათ.

– რუსეთზე ბრაზი აფხაზებში არის, მაგრამ ცდილობენ არ გამოავლინონ, რადგან ეს ბევრ პირად ინტერესთან არის დაკავშირებული, მათ შორის მიმოსვლასთან, მკურნალობასთან. არავის აწყობს, რომ ჩაიკეტონ აფხაზეთში.

თუმცა რუსული პოლიტიკით უკმაყოფილებაა და ამას უმეტესად რიგითი რუსების მიმართ ავლენენ ხოლმე, ხან ესვრიან, ხან აყაჩაღებენ, ხან ატყუებენ. ხედავენ, რომ რუსეთი რასაც აკეთებს, აკეთებს არა აფხაზეთის განვითარებისთვის, არამედ პირადი ინტერესებისთვის.

საინვესტიციო შეთანხმებაც, რომლის გამოც გადააგდეს ბჟანია, რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა და ეს თავად მოსკოვმაც აღიარა, როცა თქვა, რომ აფხაზების ინტერესი არ იყო გათვალისწინებული და დოკუმენტის კორექტირება უნდა მოხდესო. აფხაზები ყველაფერს ხედავენ. როცა 20 წლის წინ რუსებმა სოჭის განვითარება დაიწყეს, მაშინ ვამბობდი, რომ რუსები აფხაზეთის განვითარებას არ დაიწყებენ და სოჭს კონკურენტ რეგიონს არ შეუქმნიან, სანამ აფხაზეთი სოჭის რაიონზე მიბმული და რუსეთის ნაწილი არ გახდება. მათ უნდათ მთელი აფხაზეთი ისე ჩაიგდონ ხელში, როგორც ბიჭვინთა ჩაიგდეს. ახლა სწორედ აქეთ მიდიან საინვესტიციო ხელშეკრულებისა და აპარტ-ოტელების შესახებ კანონების მიღებით.

– ეს რეპრესიები გაზრდის ანტირუსულ განწყობებს, აფხაზები დაიწყებენ რუსეთის წინააღმდეგ უკმაყოფილების დაუფარავად გამოხატვას?

– არა. ყოველ შემთხვევაში, ახლა, როცა როგორი შეტევა მიდის რუსეთიდან ოპოზიციაზე, მედიაზე, არასამთავრობოებზე, ყველანი მეტ-ნაკლებად ფრთხილობენ განცხადებების გაკეთებისას. ერთადერთი უარყოფითი განცხადება გააკეთა აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირმა. ერთია, რომ ეშინიათ, თავად არ აღმოჩნდნენ სანქცირებული, არავის სურს დაკარგოს რუსეთის მოქალაქეობა და ის პრივილეგიები, რასაც რუსეთში სიარული იძლევა. გარდა ამისა, ახლა უფრო იმის გარკვევაში არიან, როგორ გადაეწყობა პოლიტიკური სიტუაცია. 2 აპრილს არის დე ფაქტო ინაუგურაცია, ამის მერე დანიშნავენ “მინისტრებს”. როგორც ამბობენ, რუსეთის წარმომადგენლები დაინიშნებიან.

– იქნება ახალი რუსული სანქციები?

– არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეიძლება გამოცხადდეს “უცხოეთის აგენტად” იმის მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდება მათი საქმიანობა. დასჯილი სამი ჟურნალისტით გააფრთხილეს ყველა, გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მივიღებთ, როგორც მოიქცევითო. რუსეთს კანონები აქვს მისაღები და პროტესტის განეიტრალება სჭირდება. მოსკოვში დაიღალნენ აფხაზების პრეტენზიებით, გადაწყვიტეს, დროა მმართველობა სრულად აიღონ ხელში და ის გააკეთონ, რაც ჩაფიქრებული აქვთ. ალბათ, მალე შეიტანენ აპარტამენტების კანონს, საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელსაც, ალბათ, ოდნავ შეცვლიან და ისევ დაიწყება ამაზე პროტესტი.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share