იმედია, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ – ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო ბრალდება წარედგინა.

ოქრუაშვილი თბილისის პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენიმე საათში უკვე სასამართლოში მივა, სადაც მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

თავდაცვის ძალების ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ვიდრე საპატიმროში ათეულობით ახალგაზრდა რჩება, “წულუკიანის მასკარადზე” გამოცხადების უფლება არავის აქვს. მისი თქმით, საპარლამენტო კომისია, რეალურად, არ არსებობს ისევე, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი.

არავის არ აქვს მორალური უფლება, არანაირი არგუმენტებით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს ისევე, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ეს არის ჩემი პოზიცია.

ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შენობაში და ზოგადად, ხელისუფლებაში, სხვა კალენდრით მუშაობენ და მათთვის უცხოა ეს ყველაფერი, ამიტომ სწრაფი წესით წარმიდგინეს ბრალი. 

იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისგან და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ, – თქვა ოქრუაშვილმა ბალის წარდგენის შემდეგ. 

ხაზარაძე – ჯაფარიძეს საქმეებმა აჩვენა, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა ოპოზიციის ლიდერებს 50 ათასი ლარი უჯდებათ. არის მოლოდინი, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგაც რეჟიმი გირაოს მოითხოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share