“დღევანდელი დღე გამარჯვების იყო, რადგან 9 აპრილის რეალური შინაარსი დავიცავით” – ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” წევრებს მისცემდნენ იმის საშუალებას, რომ “რუსული სისხლიანი ჩექმებით მემორიალთან ყვავილები მიეტანათ, მსოფლიოს თვალში გამოჩნდებოდა, რომ ქართველ ერს სძინავს”.
”ეს არის საფუძვლების შექმნა, რომელსაც ავალებს რუსეთი, კრემლი. ისეთივე საფუძვლის, როგორიც იყო ივანიშვილის ბოდიში, რომელმაც უნდა შეგვიქმნას რთული ვითარება საუბრებში. მოკლე ხანში, რამდენიმე დღის თავზე, თუ არ ვცდები გაეროში, რუსეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქართველები საუბრობენ, რომ მათ ბოდიში აქვთ მოსახდელიო. ეს განცხადებაც ემსახურება რუსულ ინტერესებს. 2023 წლის მარტს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რეჟიმმა ჩამოიხსნა ყველანაირი ნიღაბი.
დღევანდელი დღე ჩემთვის იყო გამარჯვების, რადგან დავიცავით 9 აპრილის რეალური შინაარსი. თუ ჩვენ მივუშვებდით ფარისევლებს მემორიალთან და მიიტანდნენ რუსული სისხლიანი ჩექმებით იქ ყვავილებს, იქნებოდა თვალთმაქცობა და გამოჩნდებოდა, რომ ქართველ ერს სძინავს. თუმცა არ სძინავს ქართველ ერს”. – განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.