რა წერია საქართველოზე რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ევროსაბჭოში 10 აპრილს უყრიან კენჭს

10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გაზაფხულის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოში უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლას და მოუწოდებს ივანიშვილის რეჟიმს, გაითვალისწინოს წინა რეზოლუციებში გაცემული რეკომენდაციები, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.

რეზოლუციის მიხედვით, თანამდებობის დატოვების შესახებ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება დიალოგზე უარის თქმას ნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც “ასამბლეას მიაჩნია, რომ საქმიანობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის ჩართულობა არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა”.

ამასთანავე, რეზოლუციის პროექტში ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და ახალი, დემოკრატიული არჩევნების დანიშვნისკენ ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.

ამ მხრივ რეზოლუციაში განსაკუთრებული მწუხარება და შეშფოთებაა გამოხატული ადგილობრივი არჩევნების შესახებ საარჩევნო კოდექსში მიღებულ შესწორებებთან და საპარლამენტო საპროცედურო წესებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ა

აღნიშნული ცვლილებები, რეზოლუციის მიხედვით, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის პოზიციების მეტად გამყარებასა და ამასთანავე საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრას გამოიწვევს.

რეზოლუციაში წერია, რომ რეჟიმის მიერ მიღებული ეს ზომები არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს და პარალელურად ძირს უთხრის საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს.

ამას გარდა, რეზოლუციის პროექტში ასამბლეა შეშფოთებულია ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის მხრიდან ლეგალური პროცესის ბოროტად გამოყენებით და მათი უწყვეტი დაკავებებით. ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოხატავს ფონდების წინააღმდეგ გამოძიებების წამოწყებასთან და მათი აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით.

რეზოლუციაში ასამბლეა ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ცნობა დაკავების დროს დემონსტრანტების მიმართ ცუდად მოპყრობისა და პატიმრობაში მათი წამების შესახებ და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევები დღემდე გამოუძიებელი რჩება.

ამასთან, ასამბლეა რეზოლუციაში გმობს ელენე ხოშტარიას მიმართ დროებით დაკავების ცენტრში შეურაცხმყოფელ მოპყრობას, როდესაც მას პოლიციელებმა გაშიშვლება აიძულეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ შესწორებებს, აკრიტიკებს მედიისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვაზე კანონპროექტს და შეშფოთებას გამოთქვამს საჯარო სამსახურებიდან, სამაგიეროს გადახდის მიზნით, თანამშრომლების დათხოვნის ცნობებთან დაკავშირებით.

რეზოლუცია რეჟიმს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, რომელიც “არ შეეფერება ევროპულ ადამიანის უფლებათა კანონს”. ამასთანავე, ასამბლეა მტკიცედ ეწინააღმდეგება FARA-სა კანონპროექტს და რეჟიმს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ასამბლეა გმობს ივანიშვილის რეჟიმის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის მიზანიც წინა ხელისუფლების “წარმომადგენლების საქმიანობის გამოძიებაა” და განსაკუთრებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქართული ოცნების გაცხადებულ განზრახვასთან დაკავშირებით, რაც “კოლექტიური ენმ-ს” აკრძალვას გულისხმობს.

რეზოლუციაში ასამბლეა აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების მხრივ პროგრესის არ არსებობა და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელება, სამომავლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ახალი დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების საკითხს.

საბოლოოდ, ასამბლეა ივანიშვილის რეჟიმს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს, “რათა ქვეყანაში არსებული კრიზისი დაძლეული იყოს და გაგრძელდეს ევროსაბჭოსთან და მის ასამბლეასთან სრული თანამშრომლობა”.

ცნობისთვის, 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა. ამავე დოკუმენტში საუბარი იყო ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share