მამა პეტრე კოლხი რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივად შემოსვლას „ფეისბუქზე“ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში პირველად ხდება, როდესაც დამპყრობელს საზღვრების გახსნით, ხელგაშლილები ვხვდებით.
“მახსოვს, როგორ ასახლებდნენ ქართველებს ფერეიდანში. მახსოვს, როგორ ჩამოსახლდნენ უცხოტომელები და როგორ ცდილობდნენ ჩვენი გენის და ჯიშის აღრევას…
მახსოვს, როგორ გადმოდიოდნენ ქარსა და წვიმაში, თოვლსა და ყინვაში საკენ-ჭუბერის გზით აგხაზეთიდან დევნილები… ჩვილი ბავშვებით, მოხუცებით, ხეიბრებით… ზოგმა გადმოაღწია, ზოგიც გაიყინა… ზოგი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა…
მახსოვს, როგორ მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ჩვენი ქვეყნის მაოხრებლები, მომთაბარე ტომები და საუკეთესო მიწებს ითვისებდნენ…
ზოგი წიგნებიდან, ზოგიც ჩვენი დროიდან მახსოვს…
მაგრამ არასდროს მახსენდება, დამპყრობელს ქართველი მშვიდად, უშფოთველად, საზღვრების გახსნით და გაშლილი ხელებით დახვედროდა…
ესეც ჩვენ დროში ხდება, ესეც აქ, ახლა…
მოდიან და მოდიან…
ჩვენი დედები, ცოლები, ბებიები, დები, ოჯახის წევრები გაუსაძლის პირობებში მუშაობენ და ემიგრაციის ტკივილებით იტანჯებიან… აქ კი ჩვენი ყველაზე დიდი დამპყრობლები-რუსები ბიზნესებს მართავენ…
„როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას“, – წერს მამა პეტრე.