24 რეისი კვირაში – რუსებმა სოხუმში ფრენებზე ოფიციალური ნებართვები გასცეს

რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით ფრენებს 2 სანქცირებული ავიაკომპანია შეასრულებს. ამის შესახებ „როსავიაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „ფრენები ტყუილად არ დაინიშნა” და სეპარატისტების ამ დიდი ხნის ოცნების ასრულების შემდეგ, კრემლი უფრო აქტიურად მოითხოვს მისთვის სასურველი მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას.

„ამ კონტექსტში აპარტამენტების მშენებლობის გააქტიურება ხდება. არ მგონია აფხაზეთში ძალიან უხაროდეთ ეს ამბავი და ალბათ მალე დავინახავთ იქ უკმაყოფილებას. თუ საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება არ ექნება, არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზების პრინციპულობა გატყდეს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რუსეთის საჰაერო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ „როსავიაციამ”- ოფიციალურად გასცა ორ რუსულ ავიაკომპანიაზე სოხუმში ფრენების ნებართვა. ეს ავიაკომპანიაებია: „აიფლაი”, რომელიც კვირაში 14 რეისს შეასრულებს მოსკოვი-სოხუმის მარშრუტზე და „ნორდსტარი”, რომელიც კვირაში 7 რეისს შეასრულებს მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით და კიდევ 3 რეისს კრასნოიარსკი-სოხუმის მიმართულებით.

ორივე ოფიციალურად კერძო ავიაკომპანიაა. ორივე სანქცირებულია და აკრძალული აქვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ფრენა ისინი ასრულებენ ძირითადად სამგზავრო რეისებს, თუმცა ზოგჯერ სატვირთოსაც. მათი ავიაპარკი შედგება ძირითადად „ეარბას-330″ ტიპის თვითმფრინავებისაგან.

ამაზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (იკაო) ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ასევე, არც საქართველოს მთავრობას უთქვამს რამე. რუსეთის ინფორმაციით კი, ფრენები 1-ლი მაისიადან დაიწყება.

მოვლენების ქრონოლოგია

2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის „ერთობლივი აეროდრომის” სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი „URAS” რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინაც განცხადებით გამოეხმაურა დე ფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან”, რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის ყოფილი შს მინისტრის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ-ერთი ვაჟი, ასევე რაშიდ ნურგალიევი.

წელს, 7 თებერვალს რუსულმა ავიაკომპანია UVT Aero-მ მოსკოვიდან სოხუმში პირველი სატესტო ფრენა განახორციელა.

მარტში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) და მოითხოვა, რომ აიკრძალოს რუსული ავიაკომპანიების ფრენა სოხუმის აეროპორტში.

წელს, 1-ლ აპრილს სოხუმში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კრიენკომ, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებას კურირებს, განაცხადა, რომ „1-ლი მაისიდან რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყება”.

კრემლის ახალი პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, აფხაზეთში რუსები გადასული არიან „მსუბუქ შეტევაზე” და მათ გადაწყვეტილი აქვთ იმ მიზნების მიღწევა, რაც დროებით გადადებული იყო.

„რუსებმა აეროპორტი ტყუილად არ გახსნეს. მე მაინც მგონია, რომ მისი ძირითადი ფუნქცია სატვირთო იქნება, რათა სანქცირებული თვირთები აფხაზეთისა და თურქეთის გავლით რუსეთში შეიტანონ, მაგრამ დამატებით იფრენენ იმისათვის, რომ ტურისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩაიყვანონ.

„უფრო მეტიც, ამ კონტექსტში აპარტამენტების მშენებლობის თემის გააქტიურება ხდება, რადგან იმ ხალხმაც დაიწყოს ფრენა, რომლებიც დაინტერესებული არიან აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენით. ეს იქნება რუსეთის ანექსირებული პოლიტიკის გაგრძელება. არ მგონია აფხაზეთში ძალიან უხაროდეთ ეს ამბავი და ალბათ მალე დავინახავთ იქ უკმაყოფილებას.

„ამას შემთხვევით არ დაემთხვა ახალი კურატორის, კირიენკოს დანიშვნა, რომელიც მგონი აფხაზეთში რუსულ პოლიტიკას წარმართავს ყოველგვარი მოფერების გარეშე, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ აფხაზებთან ფერებას ახალი არაფერი მოაქვს. აფხაზები იჯერებენ, რომ დამოუკიდებლები არიან და მერე კიდევ უნდა უხსნა, რომ ასე არაა. ამიტომ, როგორც ჩანს, რუსები ჯერჯერობით გადავიდნენ მსუბუქ შეტევაზე.

„აპარტამენტების შესახებ კანონი არც წასულა სადმე, უბრალოდ წინა ე.წ. პარლამენტმა არ მიიღო, თორე არ გაუქმებულა, დღის წესრიგშია და დაბრუნდება. ყველა ელოდება რა ფორმით დაბრუნდება. შესაძლოა უფრო შერბილებული ფორმით დაბრუნდეს”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კვიპროსის მაგალითი

როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, საქართველოს მთავრობამ ამ საკითხზე განცხადება აუცილებლად უნდა გააკეთოს, რადგან მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენოს რუსეთის ანექსირებული პოლიტიკის შესახებ.

„თუ საქართველო ხმას არ ამოიღებს და განაგრძობს ასე ჯიუტად სტრატეგიულ დუმილს, მგონი რუსეთი მოახერხებს საბოლოო ჯამში აფხაზების პრინციპულობის გატეხვას. ამის იმედი რომ არ ჰქონდეთ, ასე არ იმოქმედებდნენ. აშკარაა, რომ ვიდრე უკრაინის თემა არ დასრულებულა, რაღაც-რაღაცები უნდა მოასწრონ.

„საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადებები, რათა მსოფლიომ ნახოს, თუ როგორ განაგრძობს რუსეთი ტერიტორიების ანექსიას. განცხადების გაკეთებით შეიძლება ბევრი არაფერი კეთდება, მაგრამ როცა არ კეთდება, ფუჭდება. თუ ჩვენი ქვეყნის მხრიდან ყურადრება არ იქნება, რუსეთი აფხაზეთს ეტყვის – საქართველოს ხმა არ ამოუღია თქვენ ვინ გკითხავთ?

„იკაო-ს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ეს არის შიდა ფრენები – მოსკოვი, კრასნოდარი და ასეთი ქალაქებია. ამიტომ არ მგონია, რომ ეს იკაო-ს ეხებოდეს. იმედია საქართველოს ხელისუფლება იკაო-ში ფორმალურად მაინც იჩივლებს, ჩივილს რა უდგას წინ. თუმცა ამით არაფერი შეიცვლება. მსოფლიოში ბევრი აეროპორტები არსებობს, სადაც ფრენები უკვე ხორციელდება, მაგალითად კვიპროსზე, სადაც თუქრეთიდან ხორციელდება, ანუ სტამბოლი-ნიქოზია, ერჯანის საერთაშორისო აეროპორტი. კვიპროსის ბერძნული ნაწილი ამას ეწინააღმდეგება, მაგრამ ფრენები მაინც ხორციელდება. ბევრი ადამიანი მიდის თურქეთიდან ჩრდილოეთ კვიპროსში. ასე რომ, ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რომელიც გაფორმებულია, როგორც შიდა ფრენები და ამაზე სახელმწიფო აგებს პასუხს და იკაო”, – თქვა ზაქარეიშვილმა.

ახალი შესაძლებლობა რუსეთის მოქალაქე ქართველებისთვის?

ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველებს, ბუნებრივია, ვერავინ აუკრძალავს, თუმცა, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომნდინარე, მათი უმრავლესობა ალბათ თავს შეიკავებს ფრენებისგან, ან აფხაზეთში სახმელეთო გზით ჩავა.

„რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველები მოინდომებენ თავისი ინტერესების რეალიზებას, თუმცა აფხაზები ამ მიმართულებით ძალიან ყურადღებით არიან და შეიძლება შიდა აფხაზური დაპირისპირება დაიწყოს, თუ ეს ადამიანები იფრენენ აფხაზეთში. შესაძლოა რუსეთმა ხელი არ შეუშალოს და ნება დართოს, რომ იქ ჩავიდნენ, თუმცა იქ ჩასულებს რუსეთი ვერ დაიცვას. თუ ვიღაც აფხაზი მიუვარდება ამ ეთნიკურად ქართველს, ოღონდ რუსეთის მოქალაქეს და პირობითად, მოკლავს რუსეთი აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ მის მომავალ თაობას თუ მოუნდება ჩასვლა აფხაზეთში, აღარ ჩავა.

„ალბათ ყველა მოქალაქე ინდივიდუალურად მოიქცევა. სიფრთხილე მაინც შენარჩუნდება. სოხუმის აეროპორტში ასე პირდაპირ ჩასვლა უფრო საშიშია. საზღვარზე კი შემოვა, ჩვეულებრივად გაატარებენ, რადგან რუსეთის მოქალაქეობა უწერია, მაგრამ როცა გარეთ გამოვა, უამრავი ხალხია და შესაძლოა ნაცნობი შეხვდეს.

„ვიღაცას თუ ნაცნობი ჰყავს, ალბათ ჩავა იმ იმედით, რომ არაფერი მოუვა. თუმცა დიდი ნაწილი ჩათვლის, რომ საშიშია და ძველებურად ჩუმად ჩავლენ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share