რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ NATO-ს მიერ აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების შესახებ ალიანსს რუსეთისთვის არასდროს მიუცია სამართლებრივი ფორმის დაპირება. ლავროვის განცხადებას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე საუბრისას, ლავროვმა განაცხადა, რომ არც სსრკ-ს და მასთან ერთად, არც რუსეთს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ NATO-ს დაპირებების ფორმალური დოკუმენტირება იმ დროს არ უცდია, ვინაიდან, ლავროვის თქმით, რუსეთის ისტორიაში სიტყვიერი შეთანხმებების დადებისა და “პატიოსანი სიტყვის” მიცემის ტრადიცია არსებობს.
რუსეთის უმაღლესმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაც უნდა გაუქმებულიყო. ლავროვის მტკიცებით, ალიანსმა მიხეილ გორბაჩოვსა და ბორის ელცინს სიტყვიერი პირობა მისცა, რასაც მათი მემუარები ადასტურებენ.
“NATO უნდა დაშლილიყო მას შემდეგ, რაც სსრკ-მ და ვარშავის პაქტმა არსებობა შეწყვიტა… თქვენ იცით, რა პირობა მიეცით გორბაჩოვს NATO-ს შესახებ, რა პირობა მიეცით ელცინს – ამ საკითხზე მემუარები არსებობს.
ზოგიერთი ადამიანი გვეკითხება: რატომ არ მოითხოვეთ წერილობითი გარანტიები, როდესაც [იმ დროისთვის აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა] ჯეიმს ბეიკერმა თქვა, რომ NATO ერთი ინჩითაც არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით?
მე ახლახან მივედი ამ აზრამდე: რუსეთის ისტორიაში, მე-17-18 საუკუნეებიდან, როდესაც ვაჭრობა აყვავდა, კონტრაქტებს ხელს არავინ აწერდა. ისინი ხელს ართმევდნენ, “პატიოსან სიტყვას” აძლევდნენ ერთმანეთს და არასდროს არღვევდნენ მას”. – თქვა ლავროვმა ფორუმზე საუბრისას.
ყოველივე ამასთან ერთად, ლავროვმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც იმ დროს NATO-ს სათავეში იყვნენ, ამ ტრადიციის შესახებ არაფერი იცოდნენ.
“მათ არცერთი ნათესავი არ ჰყავდათ ყოფილი ცარისტული იმპერიიდან და ასეთი ტრადიცია მემკვიდრეობით არ მიუღიათ. NATO არამხოლოდ შენარჩუნდა, არამედ ბოლო დროს ისიც კი გახმაურდა, რომ ალიანსი ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი გახდება”. – დასძინა ლავროვმა.