ჩემს შვილს ვინმეს პიარის გამო არ გაუკეთებია ის, რაც გააკეთა, – ასე პასუხობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირის, გიგა ოთხოზორიას დედა თეა წულუკიანის განცხადებას. ქართველი გმირის დედა ამბობს, რომ საქართველოში ყველა სამშობლოსთვის დაღუპული მებრძოლის დედა ამაყობს და ამიტომ, “ოცნების” ლიდერის ეს განხადება გამაოგნებელია. მისი თქმით, სამშობლოსთვის თავდადება გმირების ბუნებაშია.
”როგორ დავიჯერო ის, რომ ანწუხელიძე იმ დროს ერთი ადამიანის პიარის გამო აკეთებდა იმას, რაც გააკეთა. არა. არც ჩემს შვილს არ გაუკეთებია ვინმეს პიარის გამო ის საქციელი, რაც მან ჩაიდინა. გადამთიელმა, რუსებისგან მხარმიცემულმა გარეწარმა, მთვრალმა, რომელიც ე.წ. საზღვარზე იდგა და რას იცავდა, თვითონ რომ არ იცოდა და აგრესია გაოამჟღავნა ქართველი ადამიანის მიმართ, ქართული პასპორტის მიმართ, მას წინ აღუდგა და გამოხატა ის რეაქცია, რაც გამოხატა და მიიღო ტყვია. ჩვენ მიწაზე თითოეული ამაყობს თავისი შვილით, რომელმაც თავი სამშობლოს შესწირა. სამშობლოს სიყვარულს იმ სიკვდილის დროს ვერავინ შეახსენებს მათ, ის თავიანთ ბუნებაშია. ასე სახალხოდ არ უნდა იხილებოდეს ის საკითხები, რომელიც იხილება” – ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.