ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

სასამართლო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. წინა სასამართლო სხდომაზე ჯამში ხუთი პოლიციელი გამოიკითხა, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავებისა და გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართული.

მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მიაწოდეს. მათი თქმით, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share