“გაზსა და ჭავლზე ბრძანება მე გავეცი, ტყვიებზე არა” – გახარია 20 ივნისზე

გიორგი გახარია ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლის დროს, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება თავად გასცა, რეზინის ტყვიებზე კი არა.

“სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე ბრძანება შესაბამისი გეგმისა და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როცა ეს ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს ეხებოდა, მე გავეცი. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაგვიცია”. – თქვა გახარიამ ოცნების საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

თეა წულუკიანმა გახარიას უთხრა, ამით იმას გულისხმობს თუ არა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე გადაწყვეტილება ადგილზე მყოფმა, კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა თავად მიიღეს.

ასევე, წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, იცის თუ არა, ვინ გასცა ბრძანება სხვა სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე.

“მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაგვიცია. მე რომ მცოდნოდა, ასეთი ბრძანება არსებობდა ან ვინმემ გასცა, ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებდი. შესაბამისად, მე არ ვიცი”. – უპასუხა გახარიამ წულუკიანს.

დღეს, 14 აპრილს, გიორგი გახარია ივანიშვილის პარლამენტში, ქართული ოცნების “საგამოძიებო კომისიის” სხდომაზე მივიდა. გახარიას კითხვებს შს მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის დროს მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უსვამენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share