თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა.
როგორც საიას იურისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქათამაძისთვის საემიგრაციო პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მისივე თქმით, თემურ ქათამაძესთან მიმართებით სასამართლოს მან ალტერნატიული ზომების გამოყენებას შესთავაზა, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოში კვირაში ორჯერ გამოცხადება ან გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება, თუმცა სასამართლომ მაინც მიგრაციის დეპარტამენტს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
- შეგახსენებთ, რომ აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.