საია: ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს – სარჩელი არ დააკმაყოფილეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ საიას იურისტების ყველა მიმართვა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უპასუხოდ დატოვა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საუბარია 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე.

როგორც საია წერს, პროკურატურის უმოქმედობა სასამართლოში გასაჩივრდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ამდენად, უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

“საქმის მასალების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტიანად და არაა დაკმაყოფილებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიების სტანდარტი.

კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე მოწმის სახით მხოლოდ სამართალდამცავი პირები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ირაკლი დგებუაძესთან სამსახურებრივად არიან დაკავშირებულნი ან დაქვემდებარებულნი, რის გამოც არიან სუბიექტურები და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოძიების შედეგით დაინტერესება იკვეთება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში შეხვდა მზია ამაღლობელს. მას შესაძლოა ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია. აღნიშნული პირი მზია ამაღლობელს შეხვდა იმ პერიოდში, როდესაც მის ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში სრულიად უკანონოდ არ ეძლეოდათ მასთან გასაუბრების შესაძლებლობა.

საქმეში დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი კამერის ჩანაწერია, რომელთა დაფარვის არეალშიც ხვდება დეპარტამენტის ის შესასვლელი, რომლიდანაც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ. შესაბამისად, აღნიშნულ ჩანაწერებში მზია ამაღლობელის არათუ უფლებადარღვევის, არამედ დეპარტამენტში შეყვანის კადრებიც კი არ ჩანს.

საქმის მასალების მიხედვით, მზია ამაღლობელს სამედიცინო ექსპერტიზა 20 იანვარს ჩაუტარდა, ხოლო 21 იანვარს მის ტანსაცმელზე ჩატარდა ბიოლოგიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, მასზე ბიოლოგიური ნიმუშისა და დაზიანებების კვალის დასადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზების დანიშვნიდან თითქმის 3 თვე გავიდა, საქმის მასალებში დღემდე არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც დაათვალიერა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორია, იქვე არსებულ ბოძზე მან აღმოაჩინა გარე სათვალთვალო კამერა და მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიას მოსთხოვა კამერის ჩანაწერები, ეცნობა, რომ კამერა დამონტაჟდა მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ. ამ ეტაპზე საქმეში არ მოიპოვება კამერის მოგვიანებით დამონტაჟების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა იმით, თუ რატომ ედო მზია ამაღლობელს ხელბორკილები რამდენიმე საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როდესაც ოთახში მასთან ერთად არაერთი პოლიციელი იმყოფებოდა, რატომ უტარდებოდა მას საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ბორკილებდადებულს, მაშინ როდესაც პოლიციელებისვე ჩვენებით, მზია ამაღლობელი მათთან თანამშრომლობდა და არანაირ საფრთხე მისგან არ მომდინარეობდა.

საქმის მასალების გაცნობისას ასევე გამოვლინდა, რომ ამ დრომდე საქმის მასალებს არ ერთვოდა მზია ამაღლობელის საიას ადვოკატების მიერ გაგზავნილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ასახავს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მასალების გაცნობისას აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის დაფიქსირების შემდეგ, გამომძიებელმა ადვოკატს აღნიშნული მასალები მატერიალური სახით წარუდგინა, თუმცა ფორმალური და პროცედურული თვალსაზრისით კვლავ უცნობია, რატომ არ არის ეს მტკიცებულებები დართული საქმეზე სხვა მასალების მსგავსად.

აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი” – წერს საია.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share