იმ რეალობაში, რომელშიც დღეს საქართველო დგას, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე არა თუ ვფიქრობთ, არამედ საერთოდ არც განვიხილავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვერცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც სამომავლოდ პრეტენზია ექნება, რომ საქართველოში რაიმე შექმნას და პროდასავლური ძალის სტატუსი ჰქონდეს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ გაბედავს.
„დღეს, ჩვენი ქვეყანა ისეთ პოლიტიკურ კრიზისშია, რომელიც დამოუკიდებლობის არსებობის ისტორიაში არ ყოფილა, ამას თამამად ვიტყვი. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები ფორმაში იყვნენ, რეგიონებში გასვლა საკუთარ აქტივთან, წარმომადგენლებთან საუბარი, ჩემი აზრით, მაინცდამაინც არჩევნებში შესვლას არ გულისხმობს, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური პარტიები ფორმაში უნდა იყვნენ, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მეც შთაბეჭდილება მაქვს, რომ შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლებმა უფრო მალე იძულებულები აღმოჩნდეს, რომ დანიშნოს ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოუწიოს, ამიტომ ნებისმიერი ასეთი სცენარისთვის მზად უნდა იყო, გარდა, თვითმმართველობის არჩევნებში, ამ პირობებში მონაწილეობის მიღებისა, სადაც მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ არცერთი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.
თუკი სტატუს კვო შეიცვლება – პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვლენ, ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეიცვლება და მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ჩაატარებს, რა თქმა უნდა, ამისთვის პოლიტიკური ორგანიზაცია მზად უნდა იყოს, მაგრამ ამ პირობებში, რეპრესიებში – თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა, არა თუ უაზრობაა, არამედ იმ პროცესის ღალატია, რომელიც რუსთაველის გამზირზე ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს“, – განაცხადა სანიკიძემ.