თქვენ დაიკითხეთ ამ საკითხზე?-“არა, მე არ დავკითხულვარ”-პასუხობს ჟურნალისტს დასმულ კითხვაზე, პარლამენტის დეპუტატი, ლანჩხუთ-ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი, ნინო წილოსანი მისი ქმრისა და მამის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს ციხის საგზურებს მიჯრით უწერენ, ამ დროს თაროზე მისიანების საქმეები წლობით აქვთ შემოდებული. წილოსანის მამა და ქმარი ბიუჯეტიდან 65 მილიონის მოპარვაში “ქართული ოცნების” პროკურატურამ ამხილა. თუმცა, პროცესები სასამართლოში უკვე 7 წელია იდება და იდება.
“ფინანსურ პოლიციის უფროსთან ერთად, ბატონი ბადრი იჯდა ყოველთვის და ერთობლივად გეგმავდნენ ყველაფერს”. რისთვის იყენებს თავისიანების თაროზე შემოდებულ საქმეებს “ოცნება”? ამით ყიდულობს პოლიტიკურ მორჩილებას, თუ უბრალოდ მადლობას უხდის ერთგულებისთვის-ვრცლად თემაზე “ნოდარ მელაძის შაბათი”-ს ეთერში იქნება საუბარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის მამის კომპანიას პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს (ერთ-ერთი დირექტორი წილოსანის მეუღლე ვლადიმერ აბულაძეა).
ასევე დააკავეს საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი ირაკლი ეზუგბაია, მისი მოადგილე და გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. სასამართლომ 2013 წელს არ დააკმყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების თაობაზე და დაკავებულები ბრალდებულის სახით გირაოთი გათავისუფლდნენ (მათ შორის წილოსანის მამა და მეუღლე). სასამართლომ პატიმრობა მხოლოდ რკინიგზის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ეზუგბაიას შეუფარდა, რომელიც დაკითხვაზე არ გამოცხადებულა, რადგან საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზასა და ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის, ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 ათასი აშშ დოლარი დააფიქსირა მაშინ, როცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო”. ამ ქმედებით საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.
სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.