“ბოლო ზარის” ხარჯმა რამდენიმე ათას ლარსაც მიაღწია და ამაში ხშირად მშობლები არიან დამნაშავე

სკოლის ,,ბოლო ზარი” ახლოვდება და სამზადისიც დაწყებულია. მშობლები აცხადებენ, რომ ხანდახან თითოული მოსწავლის ხარჯი 4000 ლარსაც ჭარბებს, რის შესაძლებლობაც ოჯახების უმეტესობას არ აქვს. განათლების სფეროს სპეციალისტები ამგვარ ხარჯს  გადაჭარბებულად მიიჩნევენ და ამბობენ იმასაც, რომ ამ მანკიერი პრაქტიკის მიღმა უფრო ხშირად არიან მშობლები, რომლებიც შვილების მოთხოვნებს ზედმიწევნით ასრულებენ ან თვითონ უწევენ ორგანიზებას სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით. 

ძვირადღირებული ტანისამოსი, წვეულება, ვიდეოგადაღება, ლიმუზინის დაქირავება და ბოლოს, ქუჩებში ავტომობილებით რბოლა, ცეკვის დადგმა, აგარაკების ქირაობა ან ქვეყნის გარეთ გასვლა და სხვა – ეს ყველაფერი   საქართველოში „ბოლო ზარის“ შემადგენელ ნაწილად არის ქცეული, რის გამოც შვილის სკოლის დასრულება ბევრი მშობლისთვის დიდი ფინანსური ტვირთია.

განათლების სფეროს ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ხარჯი ზედმეტად ,,გაბერილია” და აცდენილია სტანდარტს, როგორიც სინამდვილეში გამოსაშვები საღამო უნდა იყოს.

,,ე.წ. ბოლო ზარის ხარჯი გადანაწილებულია სხვადასხვა მიმართულებაზე და საკმაოდ ძვირია. ყოველწლიურად არაერთი პუბლიკაციოა ეძღვნება ამ თემას და მშობლები ყოველთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს საყვედურობენ. არ გამოვდგები ამ უწყების ადვოკატად, მაგრამ ამ შემთხვევაში სამინისტროს აუცილებლად დავიცავ. მშობლებს ვეტყვი, რომ ამ ხარჯის გაღება მათთვის არავის დაუვალებია.

სასკოლო ბანკეტის აკრძალვა არ შეიძლება. ადამიანი ერთხელ ამთავრებს სკოლას და  არ შეიძლება, გამოსაშვები საღამო არ აღინიშნოს. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აღზრდის რთული და კომპლექსური სისტემის, მაგრამ ბევრი მავნე ტენდენცია დაამკვიდრეს. ბევრი რამ სულაც არ არის საჭირო. ბანკეტსაც აწყობენ და ექსკურსიებზეც მიდიან, რაც ორმაგი ხარჯია. ამასთან, სახლის ქირაობა ჯდება სოლიდური თანხა, არ მესმის, რატომ არ აძლევს შეკვეთას რესტორანში, რატომ იკეტებიან დაქირავებულ სახლებში. ეს არის ცუდი ტენდენცია.

არის შემთხვევები, როდესაც მიდიან უცხო ქვეყნებში, ექსკურსიას აწყობენ და იქ იხდიან ბანკეტს, რაც ძალიან ძვირი ჯდება. თანაც ბანკეტი არის საზეიმო საღამო, რომელსაც ესწრება სკოლის დირექცია და პედაგოგები, ფაქტობრივად, სამმაგი ხარჯია. აქ უკვე  გამოსაშვები საღამოს არსი იკარგება”, – განაცხადა ბიზნეს-რეზონანსთან” მანანა  ნიკოლაიშვილმა.

მისი მოსაზრებით, სკოლის გამოსაშვები საღამო აუცილებლად უნდა იყოს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიება, ძალიან კარგი მოსაგონარი, სადაც სკოლის დირექციის და მასწავლებლების მხრიდან განვლილი 12 წელი შეჯამდება.

,,სკოლის ბანკეტი მარტო ჭამა-სმა არ არის, აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს და საზეიმო სიტყვები წარმოითქვას. სკოლის დამთავრება იმდენად სასიხარულო პროცესია, რომ მოსწავლეების გარდა ბევრი უნდა დაესწროს, მათ შორის, სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი, პედაგოგები და მშობლები.

როცა მანკიერ მხარეებზე ვსაუბრობ, ჩემთვის ასევე დაუშვებელია ავტომანქანის ქირაობა, რა საჭიროა, ყველას ჰყავს მანქანა და ვისაც არ ჰყავს, ერთ მანქანაში მინიმუმ ოთხი ადამიანი ჩაჯდება. უკიდურეს სიტუაციაში ტაქსი შეიძლება გამოიძახო. არ მესმის ასევე რა საჭიროა ცეკვების წინასწარ დადგმა, როცა კლასის მოსწავლეთა უმეტესობა ცეკვის სტუდიებში ისედაც დადის.

ბანკეტი აკადემიური ღონისძიებაა, მაგრამ დღეს გამასხარავებული და გაშარჟებულია. ამისთვის ქირაობენ ხალხს და დიდ ფულს უხდიან. მარტო ერთი  კედელი რომ დაიდგას, 1000 ლარი და მეტიც ღირს. გაფორმებაში ფუჭად იხარჯება ფული, სკოლის პროფესიონალი ხელოვნების მასწავლებლები ამას ისედაც უსასყიდლოდ გააკეთებენ. ასევე გადაღება ღირს ძვირი, ბევრი ფილმს იღებს და ცნობილ რეჟისორსაც ქირაობს. უბრალო გადამღები დაიქირავონ ან თვითონ გადაიღონ, რა საჭიროა ეს ხარჯი,

ცალკე თემაა ისიც, რომ წვეულებისთვის აგარაკებს ქირაობენ და უკვეთავენ საკვებს, რომელიც ორმაგი და სამმაგი ჯდება, ვიდრე რესტორანში შეკვეთილი წვეულებისას.

რაც შეეხება სამოსს, თითქმის ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, უყურებენ ვის რა აცვია, ბრენდების შეჯიბრს აწყობენ, არც ერთი ბრენდი არ იკერება განვითარებულ ქვეყნებში იმ ფასად, რამდენსაც ბავშვები იხდიან ჩვენთან. ადგილობრივი დიზაინერის მომსახურებით რომ ისარგებლონ, იქნება არანაკლებ კარგი და ბევრად შეღავათიანიც. ძვირადღირებულია კოსმეტიკა, რომელიც რამდენიმე ასეული ლარი ჯდება და სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ყველაფერი შეიძლება უყიდო შვილს, მაგრამ ნორმის ფარგლებში, 10 000-ლარიანი არ უნდა იყოს სუფრა, მოილაპარაკოს კლასმა და ჩაჯდეს ისეთ თანხაში, რომელიც თითოეული ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ცხადია, ბანკეტი უნდა ჩატარდეს, ახალი სამოსიც იყიდონ და რესტორნის ფულიც გადაიხადონ, დანარჩენი ზედმეტია”, – აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” მანანა ნიკოლაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ზარის წვეულების ტრადიცია ხშირად ხაზს უსვამს სოციალურ უთანასწორობასაც – სასწავლო წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ხშირად ნახავთ პოსტებს, სადაც მეთორმეტეკლასელი გოგონები დახმარებას ითხოვენ, – „იქნებ, შეღავათიან ფასად გამიკეთოთ შილაკი“, „იქნებ, ვინმეს ჰქონდეს კაბა“ და ასე შემდეგ.

ნინო სარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ–ერთი საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლეა. კლასში სულ 25 -ნი არიან, თუმცა ბანკეტზე ყველა ვერ მიდის. როგორც ნინოს მშობელი ინელი სამხარაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ბანკეტის ხარჯი ოჯახისთვის 5 000 ლარს აჭარბებს. სიმღერის ჩაწერა, ცეკვის მომზადება, აგარაკის დაქირავება, ფოტო და ვიდეო გადაღება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და სხვა ხარჯი ოჯახს დიდ ტვირთად აწვება.

„არ მეგონა, სკოლის დამთავრება ამდენ პრობლემას თუ გამოიწვევდა სიხარულთან ერთად, თავსატეხიც დიდია,  5000 ლარში ვერ ვეტევი, ამ ხარჯის დასაფარად ბანკიდან სესხის აღებას ვგეგმავ. უამრავი მშობელია, რომელსაც არ აქვს იმხელა შემოსავალი, რამხელა ხარჯის გაღებაც უწევს სასკოლო ღონისძიებებზე. გაჭირვებით, მაგრამ მაინც ცდილობენ ბავშვი არ დაეჩაგროთ. არ ვეთანხმები ასეთ ძვირადღირებულ ღონისძიებებს, როგორიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში დამკვიდრდა. ბევრი ბავშვი ბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, ზოგიც საერთოდ გამოსაშვები საღამოს ვერ ესწრება.

ამ ყველაფერს ხშირად მშობლების მხრიდან აქვს წახალისება, მერე სკოლას და განათლების სამინისტროსკენ იშვერენ ხელს. სკოლის ბანკეტი ყოველ წელს ეწყობოდა, ძველი ტრადიციაა, მაგრამ ასეთი რამ წარმოუდგენელია, რა მასშტაბიც დღესდღეობით სკოლის ბანკეტმა შეიძინა“, – განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს” ინელი სამხარაძემ.

წელს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი  მეთორმეტეკლასელებისთვის 20 მაისს დაირეკება. 2024-25 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 640.7 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 89% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 11%.

2024 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 41.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11.8%-ით ნაკლებია. დაწყებითი განათლება მიიღო 56.0 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1%-ით ჩამორჩება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share