3 პირს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეს, ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს – მედროშეს აძევებენ

საქართველოში, პირველ კვარტალში, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი 3 პირს მიანიჭეს. სტატუსი მიანიჭეს რუსეთის 1 მოქალაქეს, ორის მოქალაქეობა კი, დაუდგენელია.

ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ სასამართლომაც უარი უთხრა ბათუმელს მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზს]. მედროშის ქვეყნიდან გაძევების პროცედურა შსს-მ დაიწყო, თუმცა გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდა და შსს ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

ნინა კაკულია, ბათუმელი მედროშის – თემურ ქათამაძის მეგობარი ამბობს, რომ თემურ ქათამაძემ შესაძლოა ჰუმანიტარული, ან ლტოლვილის სტატუსი ხელახლა მოითხოვოს საქართველოში, რადგან თურქეთში მოიპოვეს ე.წ. დოსიე, სადაც თემურ ქათამაძე მოხსენიებულია, როგორც „გიულენის დაჯგუფების წევრი“.

ბათუმელი მედროშის ადვოკატების მტკიცებით, თემურ ქათამაძეს თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებენ.

რაც შეეხება საქართველოდან გაძევებულთა სტატისტიკას: 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 219 პირი გააძევეს, მათ შორის, ყველაზე მეტი მოქალაქე ირანიდან იყო – 42, შემდეგ ადგილზეა ინდოეთი – 32, შემდეგ თურქეთი – 25.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ უცხო ქვეყნის 255 მოქალაქეს უთხრა უარი სტატუსზე. 2025 წლის პირველ 3 თვეში შსს-ს დროებითი განთავსების ცენტრში 151 უცხოელი გადაიყვანეს. საქართველოში თავშესაფრის სტატუსი 394-მა პირმა მოითხოვა,

  • რა ხდება?

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო და 5 აპრილს შეწყვიტა. ბათუმელი მედროშის თქმით, ხელახლა შიმშილობით მან სოლიდარობა ჭიათურელ მეშახტეებს გამოუცხადა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share