“ბოიკოტის რეჟიმში წინააღმდეგობა გავუწიოთ ავტორიტარულ რეჟიმს” – პატიმრების წერილი ციხიდან

ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” აქვეყნებს წერილს, რომელიც, მათი ინფორმაციით ციხიდან გამოუგზავნეს პროევროპულ აქციებზე დაკავებულმა მოქალაქეებმა. წერილს ხელს აწერს “დაფიონის” დამფუძნებელი, ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 15 დაკავებული.
 უცვლელად გთავაზობთ წერილს:

“ჩვენო თანამებრძოლებო, მოგესალმებით ციხიდან და მოგმართავთ ერთობლივი განცხადებით. 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი დღე როგორც საქართველოს ისტორიაში, ასევე ჩვენი პროტესტისთვის. მას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის დაცვაში.

მოგიწოდებთ ყველას, რომ გვერდში დაუდგეთ “ერთობას” და თავადაც გახდეთ იმ ზეპარტიული, ეროვნული ერთობის წევრები, რომლის უმთავრესი მიზანიც საქართველოს გადარჩენაა. მოგმართავთ სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, სამხედროებს, ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში წინაღმდეგობა გავუწიოთ ავტორიტარულ რეჟიმს, ვინაიდან ეს ყოველივე არის ჰიბრიდული ომი, სადაც თითოეული მოქალაქე უნდა ვიდგეთ, როგორც ჯარისკაცი.

ნუ შეშინდებით ჯარიმებითა თუ პატიმრობით, შიშისგან რჩევებს ნუ მიიღებთ. ეს არის ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის და ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, გვევალება თავგანწირული ბრძოლა!

ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას. ასევე, მოვითხოვთ, რომ ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

(ამ წერილის დედანს თან ახლდა ხელმოწერები, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა ჩამოგვართვა. ამიტომ, გთავაზობთ ხელმოწერათა ჩამონათვალს. ეს კონკრეტული განცხადება გამოხატავს იმათ ნებას, ვინც მოვახერხეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ვართ ამავე განცხადების ხელმომწერნი. სხვა პატიმრებს შეგიძლიათ სიტყვიერი თანხმობით შემოუერთდეთ ჩვენს განცხადებას)”, – ვკითხულობთ წერილში.

მას ხელს აწერენ: ზვიად ცეცხლაძე, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, საბა ჯიქია, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ჯანო არჩაია და ლუკა ჯაბუა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share