იან კელი: როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის გამყარების მილოცვა

აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საკითხზე.

“როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შეთანხმების მილოცვა, რომელიც რუსეთის კიდევ ერთ ოკუპაციას ამყარებს კავკასიაში და კარს უხურავს დასავლეთს?” – წერს იან კელი ტვიტერის გვერდზე.

დღეს, 10 ნოემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიანი ყარაბაღის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას ულოცავს.

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა კონფლიქტის ფასილიტატორებს გადაუხადა მადლობა.

“კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ სომხეთს და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთად დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ თავს”, – დაწერა მან ტვიტერზე.

9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

9-პუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას, სამხედრო ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას, კონტაქტის ხაზისა  და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამხედროების განლაგებას, ასევე, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: