“წნეხი იმ ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ ქმედებებს, კიდევ ერთხელ გაიზრდება”- ასეთ პროგნოზს აკეთებს “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” დამფუძნებელი, მკვლევარი გიორგი მელაშვილი.
მკვლევარმა TV პირველთან მარკო რუბიოს პირველი კომენტარი შეაფასა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე საუბრისას გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას “ანტიამერიკული მთავრობა” უწოდა.
მელაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” დაპირებები, რომ ისინი “დაალაგებდნენ” ტრამპთან ურთიერთობას, არ მართლდება:
ორჯერ იყო ნახსენები “ქართული ოცნება”, როგორც ანტიამერიკული ხელისუფლება მნიშვნელოვან რეგიონში. ამაზე ნათელი, გასაგები და პირდაპრი გზავნილი რთული წარმოსადგენია. ამ ყველაფერის შემდეგ, რა თქმა უნდა, სასანქციო წნეხი, წნეხი იმ ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ ქმედებებს, კიდევ ერთხელ გაიზრდება და ჩვენ დავინახავთ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ძალიან ნათელ გზავნილებს.
“ქართული ოცნების” დაპირებები, რომ ისინი “დაალაგებდნენ” ტრამპთან ურთიერთობას, არ მართლდება და ამას ჩვენ ძალიან ცალსახად ვხედავთ.
ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ყალიბდება შეერთებული შტატების ახალი მიდგომა ივანიშვილთან და “ოცნების” რეჟიმთან მიმართებით”- აცხადებს ექსპერტი.
ამასთან, მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ დაანონსა ისიც, რომ ამერიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ “ზომებს მიიღებს”.