სეს: შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა. სეს-ის ცნობით, მოქალაქემ, რომელსაც ბოტულიზმი დაუდგინდა, 20 მაისს ქარელში შეიძინა შებოლილი ლორი.

შემოწმების შედეგად, კონკრეტულ მაღაზიაში კრიტიკული შეუსაბამოები არ გამოვლენილა და ის ვადაგასული სურსათის რეალიზაციისთვის დაჯარიმდა.

სააგენტოს ცნობით, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ლორის მწარმოებელ ობიექტში, რის გამოც დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

“20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან  შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინება შემოვიდა.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მოკვლევა დაიწყეს. არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ქარელში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში “ახალი ხორცი”, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა.

ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ „ბესიკ ნაყიშაშვილი”) კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო.

სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა შებოლილი ლორის მწარმოებელ ბიზნესოპერატორთანაც (ი/მ „ვახტანგ ლომიძე“, მის: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N54). საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

დადგინდა, რომ  მეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საწარმოში არ არის დანერგილი HACCP სისტემა”. – ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული/შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისაგან.

ბოტულიზმი მწვავე ტოქსიკო-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ბოტულიზმის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია სანიტარიული და ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა საკვები პროდუქტების კონსერვირებისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share