აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ისრაელის საელჩოს ორ თანამშრომელს ესროლა და მოკლა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა ახალგაზრდა წყვილი მოკლა, როდესაც ისინი ებრაული მუზეუმიდან გამოდიოდნენ და დაამატა, რომ ინციდენტი, როგორც ჩანს, გამიზნული იყო.
თავდასხმა ადგილობრივი დროით 21:05 საათზე მოხდა. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, პამელა სმიტის თქმით, ცეცხლის გახსნის შემდეგ ეჭვმიტანილი, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს, მუზეუმში შევიდა და იგი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს.
სმიტის განცხადების მიხედვით, თავდამსხმელი, რომელიც მოგვიანებით 30 წლის ელიას როდრიგეზად ამოიცნეს, ცეცხლის გახსნამდე მუზეუმის გარეთ გადაადგილდებოდა. დაკავების დროს კი იგი “თავისუფლება პალესტინას. თავისუფლება პალესტინას ყვიროდა.” – დაამატა მან.
“წყვილი, რომელიც დღეს ღამით “თავისუფლება პალესტინის” სახელით იარაღით მოკლეს, მალე დაქორწინებას აპირებდა.” – თქვა აშშ-შ ისრაელის ელჩმა იეხიელ ლეიტერმა.
მალევე, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმით მოტივირებული მკვლელობები უნდა შეწყდეს.
“ეს საშინელი მკვლელობები D.C.-ში, რაც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, ახლავე უნდა შეწყდეს. აშშ-ში სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის.” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ze.
ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ზე დაწერა, რომ აშშ “პასუხისმგებელ პირებს მოძებნის და კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებთ მას.”
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა კი მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელი მჭიდრო კონტაქტშია აშშ-ს შესაბამის უწყებებთან.
“შეძრული ვართ დილით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმით, რომლის შედეგადაც ვაშინგტონის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. ისრაელის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან – განსაკუთრებით ახლა.” – დაწერა მან X-ზე.