მერები და მათი მოადგილეები საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან აშშ-ში იმყოფებიან.
ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „ქართულ ოცნებაში“ დაუდასტურეს.
პარტიაში ამბობენ, რომ დელეგაცია ფლორიდაში ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფება:
„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, 5 დღით საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები აშშ – ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გაემგზავრნენ.
კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება. ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა,“ — აცხადებენ პარტიაში.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ფლორიდაში გაემგზავრნენ ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, გარდაბნის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მერები.
„ნეტგაზეთი“ იმის გასარკვევად თუ რა პროგრამის ფარგლებში გაემგზავრნენ მუნიციპალიტეტების მერები და მათი მოადგილეები ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდა. საელჩოში განგვიცხადეს, რომ ვიზიტთან კავშირი არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტი საქართველოდანაა დაფინანსებული
„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ ვიზიტი დაფინანსებულია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ მიერ — ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღეს შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმაც.
„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაცია“ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირია (ააიპ), რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სხვადასხვა პროექტებზე თანამშრომლობს.
საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობებს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაიძაბა მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მიიღო და აშშ “უცხო ძალად” შერაცხა, მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები კი “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად”. ამასთან “ქართული ოცნების” ლიდერებმა შეთხზეს კონსპირაციის თეორია “გლობალური ომის პარტიის” შესახებ, რომელშიც სავარაუდოდ ვაშინგტონსაც მოიაზრებენ და მას საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებენ. ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენელს სავიზო სანქცია დაუწესა და საქართველოსთან არსებული ურთიერთობის გადახედვა დაიწყო.