ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა

2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და ახალგაზრდების მიერ მათი ეფექტიანად გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება  იყო.

„დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო. ახალგაზრდებთან ურთიერთობა დიდი სტიმულია ჩემთვის. ვხვდები ახალ ხალხს სხვადასხვა რეგიონში. როცა მათ თვალებში ჩაიხედავ, მოდის მეტი ემოცია, გრძნობ, თუ როგორ მიდის მათი ყოველდღიური ცხოვრება. ასეთი შეხვედრების ჩატარება საჭიროა. ვფიქრობ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს კომპანია ბახვი ჰესი ასეთი აქტივობების ჩატარებით. რაც შეეხება ფილმს, მიდის აქტიური მუშაობა, შარშან 2023-ში გადავიღეთ ფილმის ძირითადი ნაწილი. ახლა მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი სცენის გადაღება. პროცესი ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ისეთი ფილმი გამოვა, როგორიც გურიას ეკადრება“ – აცხადებს კინორეჟი ლევან კოღუაშვილი.

სკოლის მოსწავლეებთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს, მათ შორის, როგორ უნდა იყოს აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქე. დიდი ინტერესის გამოიწვია კინო ინდუსტრიაში არსებულმა შესაძლებლობებმა და პროფესიებმა, კინორეჟისორის ცხოვრებამ, მისმა პროფესიულმა მიღწევებმა და ფილმის „გურია“ შინაარსმა, მოტივმა და განვითარებამ. ასევე, იმან, თუ რატომაა კინორეჟისორისთვის გურია ასეთი საინტერესო და რა განაპირობებს მის სიყვარულს ამ კუთხის მიმართ.

საბა ქათამაძე – ჩხაკაურა, მე-9 კლასი: „მიღებული ინფორმაცია საინტერესოა პროფესიის სამომავლო დაგეგმვისთვის. ასეთი შეხვედრების ჩატარება გვაძლევს დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მოვისმინე სხვა ქვეყნის მაგალითები. მსახიობობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესია ყოფილა, აქამდე არ ვიცოდი ეს ყველაფერი და ძალიან დავინტერესდი“.

ნათია შავაძე – მთისპირი, მე-11 კლასი: „მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებს გვეძლევა მოტივაცია, რომ ვისწავლოთ უფრო კარგად. როცა ცნობილი ადამიანების განვლილ ცხოვრებაზე ვიღებთ ინფორმაციას, შეგვიძლია მათი მაგალითებით უფრო მეტად განვვითარდებით ცხოვრებაში“.

ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, განახლებადი ენერგიებისა და პროფესიული ორიენტაციის თემებზე ცნობიერების ამაღლების ტრენინგების კურსი უფროსკლასელთათვის 2021 წლის გაზაფხულიდან აქტიურად ხორციელდება მთისპირსა და ჩხაკაურაში. ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები ამ პროექტის შემადგენელი 2023 წელს საჯარო სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სტუმრობდა. 2022 წელს კი, ყველასათვის საყვარელი მწერალი, დათო ტურაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share