გერმანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პუტინს სავარაუდოდ ოლაფ შოლცზე მძიმე კომპრომატი აქვს. მისი გამოქვეყნება გერმანიის კანცლერის პოლიტიკური დასასრული იქნება– ამბობს ბიზნესმენი, რუსეთის ყოფილი ვიცე–პრემიერი, ალფრედ კოხი, რომელიც 2015 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს.
ანგელა მერკელის კანცლერობის დროს ოლაფ შოლცი ფინანსთა მინისტრი იყო. კოხის თქმით, სავარაუდოდ სწორედ მაშინ მოიპოვა პუტინმა მასზე კომპრომატი.
“როგორც ვხედავ, უკრაინაში ყველა ცდილობს გამოიცნოს, რატომ იქცევა შოლცი ასე უცნაურად. თითქოს ბუნდესტაგის სრული მხარდაჭერა აქვს, გერმანელი ხალხის მხრიდან უკრაინის მიმართ უზარმაზარი სოლიდარობა და თანაგრძნობა არსებობს. პრესა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მასობრივ მიწოდებას დაჟინებით ითხოვს, ანუ სრული კარტ–ბლანში აქვს. ის კი ყოყმანობს. მისი ახსნა განმარტებები უკვე ღიმილის გარდა არაფერს იწვევს. და საერთოდაც, სიტუაცია უცნაურად გამოიყურება. აქაც, გერმანიაში პრესამ უკვე ახსნა, რატომ იქცევა ის ასე უცნაურად. მეტსაც ვიტყოდი– მისი ქცევა თვითმკვლელობას უდრის“– ამობობს კოხი.
უკრაინულ მედიასთან საუბრისას კოხი ამბობს, რომ ორი წლის წინ გერმანიაში დიდი სკანდალი ატყდა: გაკოტრდა ფინანსური კომპანია Wireсard: გაირკვა, რომ ის დიდი ხნის მანძილზე აყალბებდა ფინანსურ ანგარიშებს და ბოლოს და ბოლოს საკუთარ ბალანსზე სინამდვილეში არარსებული 1.9 მილიარდი ევრო აიყვანა.
ეს დიდი სკანდალი იყო, იმიტომ რომ დიდი ხნის მანძილზე ეს კომპანია დიდ და დინამიურ კომპანიად ითვლებოდა, შესანიშნავი მენეჯმენტით და კარგი პერსპეტივებით. ის გერმანიის ტოპ–30 კომპანიის სიაში შედიოდა და ერთ–ერთი იყო, ვინც DAX–ის საფონდო ინდექსის ფორმირებას ახდენდა. მერკელი მას ჩინელებთან მოლაპარაკებებში ლობირებდა, ჩინურ ბაზარზე გზას უკვალავდა და ა.შ.
აუდიტორები რამდენიმე წელი “ვერ ამჩნევდნენ“ ვერანაირ პრობლემას. თუმცა, რაც მთავარია მათ ვერ ამჩნევდა ფინანსური რეგულატორი BaFin. მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე Financial Times–მა ატეხა ხმაური, BaFin ამოქმედდა და დამოუკიდებელი აუდიტორი დაიქირავა, რომელმაც კომპანიის ბალანსში უზარმაზარი ხვრელი აღმოაჩინა.
BaFin უშუალოდ ექვემდებარება ფინანსთა მინისტრს. ეს პოსტი კი იმ დროს ოლაფ შოლცს ეკავა. და რა თქმა უნდა, ბუნდესტაგში მოსმენების დროს ამ სკანდალთან დაკავშირებით ის დაკითხეს.
კოხი ამბობს, რომ მან თავის გასამართლებლად ვერაფერი ხეირიანი ვერ თქვა. თავს იმართლებდა არგუმენტებით: “გამოვსწორდებით“, “სერიოზულ ყურადღებას დავუთმობთ“, “მესმის თქვენი წუხილი“ და ა.შ.
“პრესაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ შოლცი საეჭვოდ მიკერძოებული იყო Wireсard–ის მიმართ. თუმცა სკანდალი ჩაცხრა, რადგან მთელი ყურადღება პანდემიაზე გადავიდა, შემდეგ იყო ბუნდესტაგის არჩევნები და საქმე მიჩუმათდა.
თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. კომპანიის ერთ–ერთი ტოპ მენეჯერი, იან მარსალეკი რუსული დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ჯაშუში აღმოჩნდა და სკანდალი დაიწყო თუ არა ბელორუსის გავლით რუსეთში გაიქცა და თან კომპანიის მთელი არქივი წაიღო.
ამ არქივში კი ყველა ტიპის კონფიდენციალური ინფორმაციაა სხვადასხვა “მგრძნობიარე“ გადახდებზე. არსებობს ვარაუდის საფუძველი, რა შეიძლება იმალებოდეს ამ პანდორას ყუთში.
გერმანული პრესის ვერსიით, შოლცის უცნაური ქცევა სწორედ იმით აიხსნება, რომ მარსალეკმა, ანუ კრემლმა ეს არქივი კარგად შეინახა. და რომ შოლცის, როგორც ფინანსთა მინისტრის უმოქმედობა Wireсard–ის საქმეში უანგარო სულაც არ ყოფილა. ახლა კი პუტინს ის გამოჭერილი ყავს.“– ამბობს კოხი და დასძენს, რომ ეს მხოლოდ ვერსიაა, თუმცა სკანდალი ხელახლა გორდება. პრესა დუღს. ზოგიერთი პარლამენტარი ბუნდესტაგში მოსმენების დაწყებას და შოლცის დაბარებას მოითხოვს.
“ამ სიტუაციაში შოლცს გამოსავალი არ აქვს: ის ან უკრაინაში იარაღის მასობრივ გაგზავნას დაიწყებს, ან მის მიმართ ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდება. ოპოზიციონერი ქრისტიან დემოკრატები ხელებს იფშვნეტენ– როგორც ჩანს, მათ “შუქნიშნის“ კოალიციის დაშლის და რიგგარეშე არჩევნების შანსი დაინახეს. ახლა ქრისტიან დემოკრატებს მშვენიერი რეიტინგი აქვთ.
შოლცის კოალიციური პარტნიორები – მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და შოლცის პოზიციით გაოგნებულები არიან.
ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი გარემოება: შოლცი ჰამბურგის მმართველი ბურგომისტრი იყო. ჰამბურგი კი პეტერბურგთან დამეგობრებული ქალაქია. ამის გამო შოლცი პეტერბურგს ხშირად სტუმრობდა. გარდა ამისა, ის სოციალ–დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი იყო შროდერის კანცლერობის დროს. შროდერის რუსეთთან კავშირები კი ყველასთვის ცნობოილია. ეს ყველაფერი კი ერთობლიობაში შოლცის ჩაძირვის რეალური საფუძველია.“– ამბობს კოხი.