მომღერალმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სააკაშვილი ძალიან სუსტადაა და ევროპაში სამკურნალოდ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
„ძალიან მძიმედ არის ჩვენი მესამე პრეზიდენტი, რომელსაც რატომღაც იმას არ უხსენებენ, რომ წუმპიდან ამოიყვანა ჩვენი რესპუბლიკა, მთელ მსოფლიოს ალაპარაკებდა ჩვენზე და ახლა საზიზღრობებს ამბობენ მასზე ეკრანიდან. მძიმედ არის და მე ვთვლი, რომ თუ სასწრაფოდ ევროპაში არ გაუშვეს, მაშინ შეიძლება რომ ძალიან ცუდი რამე მოხდეს.
მე ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მისი მეგობარი ვარ და შემიძლია, რომ მასზე ვილაპარაკო. ასეთი პოლიტიკოსები 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან, მით უმეტეს პატარა ქვეყნებში, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ დავუდგეთ გვერდით ჩვენს მესამე პრეზიდენტს და იქნებ ჩვენმა მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გაუშვან იგი ევროპაში სამკურნალოდ“, – განაცხადა კიკაბიძემ.