გალი: ბოლო ქართულენოვანი თაობები?!

გალის რაიონი ოკუპირებულ აფხაზეთში უკანასკნელი დასახლებული ადგილია, სადაც ქართველები კვლავ უმრავლესობას წარმოადგენენ და ქართული ენა მათთვის ჯერ კიდევ მშობლიურია. თუმცა ოფიციალური თბილისის ბოლო წლების პოლიტიკა და აფხაზური მხარის სამართლებრივი და კულტურული წნეხი ნელ-ნელა ქმნის პირობებს, რომლებიც ამ რეალობის შეცვლას მოასწავებს.

რა მოხდება, თუ გალი ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობისგან დაიცლება? თუ ეთნიკურად ქართული მოსახლეობა ამ რეგიონში ისტორიის ნაწილად გადაიქცევა, ეს არა მხოლოდ დემოგრაფიული, არამედ კულტურული იდენტობის კრიზისს გამოიწვევს, რომლის შედეგებიც შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მძიმედ აისახოს. რუსიფიკაციის ქართული განმარტება კი ყოველთვის ენის აკრძალვით, მისი ჩანაცვლებით, დავიწყებით და საბოლოო გაქრობით იწყება.

ქართული ენა და დემოგრაფია

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ 2021 წელს ოფიციალურად აკრძალა სკოლებში ქართული ენის სწავლება, რის შედეგადაც უკვე მეოთხე წელია ქართული ისწავლება უცხო ენის სტატუსით. გალის ქართულენოვანი მოსახლეობისთვის მშობლიური ენის შეზღუდვა დამატებითი მიზეზი გახდა, რომ ახალგაზრდებმა რაიონი დატოვონ და დანარჩენი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ეს პროცესი  გალის ქართველებისა და ზოგადად, მთელი მოსახლეობისგან დაცლის დაწყებას ნიშნავს, რადგან ახალგაზრდების უკან დაბრუნების ხელშეწყობისთვის არც პროგრამები არსებობს, ხოლო ქარტული მხარის უმოქმედობა აჩვენებს, რომ არც ამის პოლიტიკურ მნიშვნელობას აღიქვამს თბილისი. დაცარიელებული გალი შესაძლოა აუთვისებელ მხარედ იქცეს, ან მიწის ნაყოფიერების გამო შესაძლოა “ეკონომიკურ საფარქვეშ” ახალი მოსახლეობის გადმოსახლებისთვის იქცეს ნოყიერ ნიადაგად. ნებისმიერი ასეთი კონფიგურაცია, სადაც შესაძლოა გალის რაიონში ქართული გაქრეს, საქართველოს სახელმწიფოსთვის განგაშის ზარის შემცველი უნდა იყოს.

გალი, ისტორიული სამურზაყანო, ოდითგანვე ქართულენოვანი მოსახლეობით იყო დასახლებული. 1992-1993 წლების ომის შემდეგ, აფხაზეთში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის მასობრივი დატოვების მიუხედავად, დაახლოებით 40,000 ქართველი დაბრუნდა გალის რაიონში. 1998 წელს, „მაისის მოვლენების“ დროს ადგილობრივთა ნაწილმა ხელახლა დატოვა რეგიონი. თუმცა ზოგმა დარჩენა, ოკუპაციის პირობებში ცხოვრება და ადგილზე ქართული ენის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. გალის მოსახლეობის ზუსტი აღწერა, რომელიც პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი იქნება, ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა ადგილზე მიმდინარე მოსახლეობის აღწერისას, დე ფაქტო ხელისუფლება რეგიონში ქართველებსა და მეგრელებს ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებად აღრიცხავს. ამ აღწერის მიხედვით ქართველები უმეტესად გალისა და ტყვარჩელის რაიონებში იყრიან თავს.

დე ფაქტო აფხაზეთის ბოლო ოფიციალური აღწერის მონაცემები 2025 წლის ბოლოს გასაჯაროვდება. 2020 წლის  აღწერის მიხედვით კი აფხაზეთში 244,926 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო გალისა და ტყვარჩელის რაიონებში „ქართველებისა და მეგრელების“ რაოდენობა 46,878-ს ადამიანს შეადგენს. ამასთან, აღწერაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა გალის მოსახლეობას  ერთდროულად აფხაზური და ქართული პასპორტები ჰქონდეთ.

გალის ქართულენოვან მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში „მოქალაქეობის“ უფლება არ აქვთ. მათ მხოლოდ ხუთწლიანი (ბოლო ტენდენციით, ზოგჯერ ათწლიანი) – вид на жительство (ВНЖ/”ვიდნა”) – დრებითი ცხოვრების უფლება ეძლევათ. ეს ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მქონე პირები სრულფასოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას ვერ იღებენ, რაც უპირველესად „დე ფაქტო“ არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას და კერძო საკუთრების შესყიდვის უფლების არქონას გულისხმობს.

ამ და სხვა მიზეზების გამო, ბოლო წლების განმავლობაში გალის ქართულენოვანი მოსახლეობის შემცირების ტენდენცია აშკარა გახდა. ეს პროცესი დაახლოებით 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ქართველებს „აფხაზური პასპორტი“ ჩამოართვეს და მხოლოდ ВНЖ/”ვიდნა” – დროებითი ცხოვრების უფლების საბუთი დაუტოვეს. ამ საბუთის მიღება რთულ პროცედურებსა და დამატებით გადასახადებს უკავშირდებოდა. გალის რაიონის დატოვება „ვიდნას“ გარეშე ოფიციალური გზით შეუძლებელია. თუმცა ბევრისთვის ეკონომიკური სირთულეები, სამედიცინო სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ქართულ ენაზე განათლების მოპოვების აკრძალვა, ნათესავების მონახულებისა და ქართული პენსიის მიღების დაბრკოლებები სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებია. ამ შეზღუდვების გამო, ზოგიერთი ოჯახი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, რეგიონს ტოვებს, ხოლო სხვები შვილებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე – ზუგდიდში აჩენენ, რათა ბავშვის დაბადების მოწმობის მიღება უფრო მარტივი იყოს. ასევე, ასაკიანი მოსახლეობის გარდაცვალება გალში მოსახლეობის შემცირების კიდევ ერთი მიზეზია.

დემოგრაფიული გამოწვევა აფხაზეთში მხოლოდ გალის რაიონს არ ეხება. ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა და სხვა ეროვნებებთან სტატისტიკური თანაფარდობა ისტორიულად ქმნიდა სირთულეებს აფხაზეთის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის ჩამოსაყალიბებლად. ვერც მუჰაჯირობის შემდეგ, ვერც საბჭოთა კავშირის პერიოდში და ვერც “დამოუკიდებლობის” მოპოვების შემდეგ აფხაზურმა საზოგადოებამ ვერ მოაგვარა დემოგრაფიული პრობლემები, რომლებიც ეთნიკური აფხაზების შემცირებასა და აფხაზური ენის შენარჩუნებას უკავშირდება.

დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა გზები განიხილება. ერთ-ერთია მუჰაჯირობის დროს –  1867 და 1877 წლებში- აფხაზეთიდან თურქეთში რუსეთის იმპერიის მიერ დაახლოებით 50 ათასზე მეტი გადასახლებული აფხაზისთვის უკან დაბრუნების უფლების მინიჭების საკითხი. დე ფაქტო აფხაზეთის თანამედროვე პოლიტიკაში გადასახლებულთა რეპატრიაციის საკითხი დემოგრაფიული პოლიტიკის გამოწვევებზე მსჯელობის დროს ხშირად იჩენს ხოლმე თავს. ასევე, 2024 წლის “დემოგრაფიის განვითარების პროგრამაში” მოცემულია, რომ მესამე და მეტი ეროვნებით აფხაზი ბავშვის დაბადებაზე ფინანსური წახალისება – 100,000 და 200,000 რუბლის (დაახლოებით 1,100–2,200 ევრო) ოდენობის დახმარება გაიცემა ოჯახებზე. თუმცა ეს ნაბიჯებიც ვერ უზრუნველყოფს “დამოუკიდებელი აფხაზეთის” დემოგრაფიული პრობლემის სრულ გადაწყვეტას.

ისევე როგორც დე ფაქტო აფხაზეთის დემოგრაფიული ცვლილებები, გალის მოსახლეობის შემცირებასაც განაპირობებს იზოლაცია, რთული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პირობები. გალის შემთხვევაში, მიზიდულობის ცენტრად თბილისი და ზუგდიდი იქცა – საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიები, სადაც ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტებისთვის სპეციალური შეღავათებია დაწესებული. ამ გზით აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას დედაქალაქსა და სხვა დიდ ცენტრებში იღებენ. ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა უმრავლესობა მათგანი უკან აღარ ბრუნდება. შედეგად, გალისა და ტყვარჩელის რაიონები ნელ-ნელა ქართულ ახალგაზრდობას კარგავს. უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია შესაძლოა მთლიანად გარდაიქმნას გალის მოსახლეობისგან დაცლის პროცესად, რომლის შედეგადაც რეგიონი ქართულენოვანი და ეთნიკურად ქართული მოსახლეობისგან დაცარიელდება.

ოფიციალური თბილისის საშეღავათო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ისე ხელშეწყობას, რომ უკან დაბრუნებისა და ადგილზე მხარდაჭერის პროგრამები არ არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რეალურად, „ტვინების გადინებას“ უწყობს ხელს. ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მისაღებად და დასაქმებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრებას არჩევენ, თუმცა უმეტესობა უკან აღარ ბრუნდება.

გალში ქართული ენის არსებობის საკითხი დიდწილად დამოკიდებულია ოფიციალური თბილისის პოლიტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ამ საკითხს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის კრიზისისა და  ძალაუფლების შენარჩუნებისთვის თავგანწირული ძალისხმევის ფონზე, სხვა ეროვნული საკითხებისთვის დრო და სივრცე არ რჩება. არსებული სურათი შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტას საჭიროებს, რომლის გარეშეც შესაძლოა ის თაობები, ვინც ახლა გალში ქართული იცის, უკანასკნელნი აღმოჩნდნენ, ვინც აფხაზეთში ქართულად საუბრობს.

netgazeti.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights