22 წლის ზაზა სულაბერიძე ლანჩხუთში დაიბადა. ამბობს, რომ მისი მოსახელე ბიძა საკმაოდ წარმატებული მხატვარი იყო. როგორც ზაზა გვიყვება, ნიჭიც გენეტიკურად ბიძისაგან ერგო.
შვიდი წლის ასაკში პლასტელინით საომარ ნივთებს ძერწავდა, მერე თავი დაანება და რაგბის თამაში დაიწყო. ხატვას 16 წლის ასაკში მიუბრუნდა და მიაჩნია,.რომ მისი ყველაზე სერიოზული ნამუშევარი სამი წლის წინ ლურსმნებზე ძაფებით ამოქარგული ქალის პორტრეტია.
„ეს იყო ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება, 12 საათი გაუჩერებლად ვმუშაობდი, ვერ ავხსნი რამხელა ბედნიერება მომანიჭა თავად პროცესმა. აქედან დაიწყო და აღარ გავჩერებულვარ. ვხატავ ყველგან და ყველაფერზე, წყალში ხატვის ექსპერიმენტიც მქონდა, ტილოს და ნახშირის გამოყენებით, კიდევ უნდა გავაკეთო და ვიდეოზე გადავიღო.
ზაზას ცხოვრება არ გავს სტანდარტულად ნიჭიერი და განებივრებული შვილების ცხოვრებას, საკმაოდ პატარა ბიჭმა 14 წლის ასაკში გადაწყვიტა და თურქეთში სამუშაოდ წავიდა.
– მომიყევი შენზე, ვინ ხარ და როგორ შემოვიდა ხატვა შენ ცხოვრებაში?
– 22 წლის ლანჩხუთელი ბიჭი ვარ, ზაზა სულაბერიძე. 7-8 წლის ასაკში ვძერწავდი პლასტელინებით, საომარ ნივთებს ვქმნიდი, მერე თავი დავანებე და რაგბის თამაში დავიწყე. 16 წლისა მივუბრუნდი ხატვას. პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი. სამი წელია რაც სერიოზულად დავიწყე ხატვა და აღარ გავჩერებულვარ.
– პირველი სერიოზული ნამუშევარი რამაც ყველაზე მეტი ემოცია მოგიტანათ?
– პირველი სერიოზული ნამუშევარი, რამაც დიდი ემოცია მომიტანა იყო ლურსმნებზე ძაფით ამოქარგული ნამუშევარი, 12 საათი ვიმუშავე გაუჩერებლად და აღფრთოვანებული დავრჩი საბოლოო შედეგით.
– რაგბზეც მომიყევით?
– რაგბით 9 წლის ასაკში დავინტერესდი, ლანჩხუთში დავიწყე თამაში, მერე მომიწია მიტოვება. ცოტა ხნის წინ კი მეგობარმა შემომთავაზა, ახალი გუნდია. ასე მოვხვდი „ბორჯომის“ გუნდში, მეორე ლიგაში. საკმაო წარმატებებიც მაქვს. როგორც ხატვაში, რაგბშიც ისევე უნდა განავითარო თავი და ყოველდღიურად ყოველ ნაბიჯზე ახალი შედეგი უნდა დადო.
აიტის სპეციალისტი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არ ვმუშაობ. დაახლიებით ერთი თვეა რაც თბილისში ვარ და ვცდილობ ფეხი მოვიკიდო . ხატვის დრო მეტროში მაქვს, ტუშით ვაკეთებ ჩანახატებს, დაახლოებით 200 ჩანახატი მაქვს. ახლა ავტომობილების მღებავის დამხმარედ ვმუშაობ. მოკლედ არ ვჩერდები…
– 22 წლის ხარ და ამდენ რამეს როგორ ასწრებ?
– ეგ რა არის, უამრავი რამ გამომივლია, 14 წლის თურქეთში წავედი სამუშაოდ, ჩაის ვკრეფდი… ბოლო ერთი წელია აღარ წავსულვარ, პანდემიის გამო… ასეა სულ ვიბრძვი, ხელის გულზე არაფერი მომსვლია…
– რისი თქმა გინდა ნახატებით?
– ჩემი ნახატების უმეტესობა შინააგანი ემოციებია და იმ ადამინებს უკავშირდება ვინც ჩემს გარშემოა.
თითქოს ეს არსაიდან მოდის, ისეთი გრძნობა მაქვს ხელი და თვალები აკეთებს ყველაფერს. ზოგი გეკითხება რა ჩადე ამ ნამუშევარში, საშინელებაა ეს, დაღეჭილი ლუკმის მირთმევა უნდათ რადგან ადვილად გადაყლაპონ… არც კი ცდილობენ იფიქრონ და ჩაწვდნენ ნახატის არსს.
წყალშიც ვცადე ხატვა ნახშირით ტილოზე, წყალი იყო მღვრიე და ვიდეო არ გამოვიდა, ისევ მინდა ამ თემას მივუბრუნდე…
– რითი იქმნება შედევრი?
– მე ვფიქრობ ბედნიერებით იშვიათად, სევდით, დეპრესიით, ტანჯვით….ჩვენ ვასწორებთ სამყაროს შავ ხვრელებს, რაგბს არ ვთამაშობ მარტო სიამოვნებისთვის. რაგბში მე ვხარჯავ იმ ჩემს ცუდ ენერგიას, რომელიც არის ჩემში.
მე თამაშის დროს სულ სხვა ადამიანი ვარ, ასევე სხვა ვარ ხატვის დროს.
– ინსპირაციის წყარო?
– საკუთარი თავი, აქედან გამოვდივარ მუდმივად, მუზა არ მყოლია, ვერასოდეს დავხატავ შეკვეთით, არც მქონია შეკვეთები. რომ მოვიდეს ვინმე და რამის დახატვა მთხოვოს, არ დავხატავ. მე მჭირდება ემოცია, განცდა, მაგის გარეშე არაფერი გამომივა… მე თავისუფლება მხიბლავს….
– დაინტერესებულა ვინმე შენი ნამუშევრებით?
– შეიძლება ითქვას რომ ახლო წრეებში მიცნობენ მხოლოდ, ლანჩხუთში გამიკეთეს შარშან გამოფენა. ჩემი და ბიძაჩემის ნახატები იყო გამოფენილი. ის ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. მას ყველა იცნობდა ჩვენს ქალაქში. საუდის არაბეთიდან შემთხვევით გავლით იყვნენ ფოტოგრაფები, გადაიღეს ფოტოები. თებერვალში მომწერა ერთ-ერთმა და მანახა ჩემს გამოფენაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო, რომელიც მოხვდა მის ფოტოგამოფენაზე. სხვა დაინტერესება ჩემი ნამუშევრების მიმართ არ ყოფილა. არც ქართველ სამხატვრო წრეებში, მწყინს ცოტა კიდეც, თქვენ ერთადერთი მედიასაშუალება ხართ, ვინც ჩემი ნამუშევრებით და პიროვნებით დაინტერესდა.
– ვინ არ იქნებოდი არასოდეს?
– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ პოლიტიკოსი, სიბინძურეში ყოფნა არ მიყვარს და ალბად არასოდეს ვიქნებოდი ადამიანი ხატვის გარეშე…
– ვინ გინდა იყო?
– წარმატებული მხატვარი…გერმანიაში მინდა წავიდე, იქ მეტი პერსპექტივა მექნება…
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი