“ტირილი”- ნიკიტა თალაკვაძის “მოქალაქე მღვდლის დღიურიდან”

ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს.
„ტირილი“
გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ მოპატიჟებული – „რათა ანუგეშოთ მწუხარებაში მყოფი ოჯახიო!“ ეს მწუხარებაში მყოფი ოჯახი კი დიდ მზადებაში იყო, ამდენ შინაურსა თუ გარედან მოსულ ხალხს დახვედრა უნდოდა, სმა-ჭამა, ზოგჯერ ღამის გათევა. იცოდენ ამიტომ ძველად „წასაბურავის“ მიტანაც ფულით თუ სანოვაგითაც, უფრო კი ფულით. მოსულ სტუმრებს უმართავდენ სადილს – პურით, ლობიოთი, თევზით, ზეთის ხილით, ყველით და ხიზილალით; გურიაში „ხორცით“ ტირილი არ იცოდენ. ვინ რამდენს „წაბურავდა“, ეს იწერებოდა ცალკე მწერლის მიერ, რომელიც იჯდა თვალსაჩინო ადგილზე და შეჰქონდა „წასაბურავი“ – წამბურავის სახელი და გვარისა და მოტანილი ფულის სიაში, რომ შემდეგ, ამის მიხედვით ასეთ შემთხვევებში დამწუხრებულ ოჯახსაც ვალი მოეხადა სხვების წინაშე. „ტირილზე“ იყო დიდი დარბაისლობა, ჯარში და ხალხში გასვლა, თავის გამოჩენა, ერთმანეთის დაახლოებით გაცნობა, პატარძლებისა და სასიძოების გასინჯვაც კი, დიდი სმა-ჭამა და ერთნაირი დროს ტარებაც. ძველი ცხოვრების სოციალ-ეკონომიური ცხოვრების მიხედვით ჩამოყალიბებული იყო ამ „ტირილის“ ფორმები და სახე. ამიტომ ძლიერ მეინტერესებოდა, თუ როგორი გავლენა მოახდინა ახალმა სოციალ-ეკონომიურმა პირობებმა ხალხის ამ ერთ-ერთ უძველეს ცხოვრების ჩვეულებაზე. მიცვალებულის მამა არის სოფლის სკოლის გამგე; მას მთელი სოფელი გამოეხმაურა ამ მწუხარებაში. ჰყავს მას შორი სოფლიდან ცოლოური და სხვა ნათესაობაც, ყველა ამათ კერძო ბარათებით აცნობა თავის მწუხარება – ქალაქბში და დაბებში ტელეგრამით აცნობა, ტფილისისა და ბათომის გაზეთებში სამგლოვიარო განცხადებები გაუშვა. 29 დეკემბერს ჰქონდა ცხედრის გამოსვენება. სასმელ-საჭმელის მზადება იყო მხოლოდ შორიდან მოსულთათვის, სოფლის მკვიდრ მცხოვრებთ სასტიკად აღკრძალული აქვს სასმელ-საჭმელის მიღება ჭირისუფლის ოჯახში. სოფელში კოლექტივია შემოღებული, სწარმოებს გაცხარებული მუშაობა ჩაისათვის „ბარვაზე“; ამიტომ ჭირისუფლის მოსამსახურებლად დასტოვეს მხოლოდ 5 კაცი; სხვები ქალი თუ კაცი „ბარვაზე“ წავიდნენ გამოსვენებამდე. გამოსვენება კი ხდება საღამოს ხუთ საათზე, როდესაც მახლობელ ადგილებზე „მბარველები“ უკვე თავისუფლდებიან და იღებენ მონაწილეობას გასვენებაში. სტუმრებმა შორი სოფლებიდან იწყეს დენა შვადღის 3 1/2-საათიდან. ისინი მოდიოდნენ ეზომდე ცხენებით, იქ ჩამოხტებოდენ ცხენებიდან, ცხენებს მასპინძლიდან შემგებები ჩამოართმევდენ, თვითონ კი დაირაზმებოდენ, დედაკაცები გაშლიან თმას და შემოდიან ეზოში, წინ მოუძღვის ცოცხალი ფოთლებიდან (დაფნის) შინაურულად გაკეთებული გვირგვინი, შინაურულადვე ხელის წარწერილი ქაღალდით – ვისა სტირიან და ვინ უძღვნის ამ გვირგვინს; შემოდიან მოთქმით, ტირილით, თავში – შუბლზე ხელის შემოკვრით და შედიან დასვენებულ მიცვალებულის ოთახში და ჭირისუფალს მიუტირებენ, მიუსამძიმრებენ, მიცვალებულს მიუჩოქებენ, თავს დასტირიან და ვისაც ეხერხება, მიცვალებულს ახასიათებენ ამ მოთქმა-ტირილში და გავლენას ახდენენ მაყურებლებზე, რომ მათაც ცრემლი დაღვარონ. სადღა არის „ზარი“, სადღა არის „კელაპტრები“, სადღა არის მღვდელი და საცეცხლური?! სადღა არის „ღვთის“ სახელის ხსენება! სადღა არის მიცვალებულისათვის „ცხონების“ გაგზავნა?! ყოველივე ეს რევოლიუციას და მისს შედეგებს სავსებით გაუნიავებია, მოუსპია. ასევე ჯგუფ-ჯგუფად, დარაზმულნი, თმაგაშლილნი, „გვირგვინებით“ და წარწერებით შემოვიდნენ ეზოში იმავ სოფლის ნათესაობა, მოყვრები და კეთილები, შესანიშნავი დისციპლინით, წესრიგით, ზრდილობითა და ლაზათით იტირებდენ მიცვალებულს, მიუტირებდენ ჭირისუფალს, გამოვიდოდენ ეზოში და მისდგებოდენ სადმე ეზოს კუთხეში და იქ ელოდებოდენ ცხედრის გამოსვენებას. დანიშნულ საათზე ცხედარი გამოასვენეს და დაასვენეს შვა ეზოში, აქ, ვისაც სურდა, სიტყვა უძღვნეს მიცვალებულს: შემდეგ წინდაწინა განზრახულმა კაცმა წაიკითხვა სხვა და სხვა ადგილებიდან მოსული სამგლოვიარო დეპეშები ისე, როგორც ქალაქში იციან და როდესაც ამასაც მორჩენ გაასვენეს ცხედარი სასაფლაოზე. მაგრამ სანამ ცხედარს გამოასვენებდენ, მანამ შორიდან მოსული სტუმრები მიიპატიჟეს სუფრაზე და აქ მათ მიართვეს სადილი: ცხელი ღომი, სახლში გამომცხვარი პური, ლობიო, მოზელილი კარტოილი, მწვანილი, თითო არაყი და „ადესაის“ ღვინო. დანაყრდებიან კარგად და შემდეგ გაასვენებენ მიცვალებულს. ამ დროში ასეთი შემოკლებული სახითაც მეტად მძმე იქნებოდა მოსული სტუმრების გასტუმრება, მაგრამ სოფლის კოლექტივმა ჭირისუფალს მისცა თავისი ფონდიდან „ლობიო“ – ბლომად, ღომიცა და პურის ფქვილიც. ღვინო კი თავისი ჰქონდა ჭირისუფალს და ასე იოლად წავიდა ის კოლექტივის დახმარებით.
აი, ასეთი სახე მიუღია ამ ჟამად გურიაში ძველ „ტირილს“, დროსა და ჟამს აგრე გარდაუქმნია ეს ძველისძველი, გაფორმებული, გართულებული, უზომო სმა-ჭამით დამძმებული და საზარალო ტირილი. დღეს აღარ არის არც ის ძველებური „წაბურვა“ და ერთმანეთის მიმართ დავალება.
აქაც, სოფელშიც, გამოგვებაასა ხალხი მე და ჩემს ძმას – იმის შესახებ, თუ რა ამბავია „ქალაქს“, ქართლ-კახეთში, თუ როგორი სულიერი განწყობილებაა სოფლად თუ ქალაქადო?! ამ თაობაზე ლაპარაკი იქაც საფრთხილოა, შესაძლებელია თქვენი კეთილად ნათქვამი ვინმემ  უკუღმა გაიგოს და „დიდი უსიამოვნება“ შეგხვდეს – „პოლიტიკანობისათვის“. ჩვენც, რასაკვირველია, იმით ვანუგეშეთ და გავამხნევეთ ეს დაღარიბებული და ცხოვრება გაძვირებული და გაჭირებული გლეხობა, რომ განუმარტეთ – ეს მდგომარეობა, როგორც „დროებით დაბრკოლებები“, რომელსაც განიცდის დღეს ხელისუფლება, და რომ ახლო მომავალში მოსალოდნელია ამ გარემოების სავსებით გამოსწორება, ცხოვრების პირობების შემსუბუქება და ასე… ხალხი სმენად იყო გადაქცეული, ზოგმა გულუბრყვილოთ მიიღო ეს ჩვენი განმარტება, ბევრმა კი ეჭვის თვალით შემოგვხედა და მწარე ღიმილით ჩაატარა ეს ჩვენი ახსნა-განმარტება მდგომასრე „დროებით დაბრკოლებების“ შესახებ. ამ პატარა კუთხეს ვეებერთელა სკოლის შენობა აუგია იქვე ჩვენს ალაყაფის კარებთან, ჯერ ოთხწლედისთვისაა ეს შენობა, შემდეგ კი შვიდწლედის დაარსებასაც ჰფიქრობენ. შენობა კრამიტის სახურავის ქვეშაა მოყვანილი. ის ფიცრულია. ამ სკოლის შენობას მოახმარეს „მთისპირის“ წმინდა გიორგის საყდრისა და ოქროს-ქედის მთავარ-ანგელოზის საყდრის შენობა და ძველი სკოლის შენობა. აღარცერთი ფიცრული შენობა აღარ ჭაჭანებს ამ ჟამად გურიაში. ყველა ისინი დაურღვევიათ, სკოლებისა ან ბიბლიოთეკების შენობებზე მოუხმარიათ. ან კი ვიღა უპატრონებდა ასეთ საყდრის შენობებს, ისინი დაუხურავი და მოუვლელნი ჩამოლპებოდენო, – მითხრეს მე. „მთისპირში“ კი ჩნებულად არის დაცული ძველის-ძველი ქვის ტაძარი, მაგრამ მასაც კარები ზედ აღარ ჰკიდია, არრაც საეკლესიო სამკაულია შიგ დაცული, არც თუ ვინმე მოითხოვს წირვა-ლოცვას, ნათლობა-ქორწინებას თუ ანდერძის აგებას. ვისაც ასეთი რამე სურს, ფარულად მიდიან დიდ-ქალაქებში და იქ იკმაყოფილებენ თავიანთ რელიგიურ მოთხოვნილებებს. რელიგიის საქმე გურიაში სამუდამოდ წაქცეულად უნდა ჩაითვალოს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share