სასურველია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ვიყოთ ერთ პოზიციაზე და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ვერ შედგეს,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოპოზიციამ და მისმა ამომრჩევლებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ არჩევნებში, მარტო ბიძინა გავიდეს თავისი ალტ-ინფოთი და როგორ მოიპოვებს კიდევ ერთხელ ლეგიტიმაციას, მაგასაც ვნახავთ.“
”სასურველია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ვიყოთ ერთ პოზიციაზე და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ვერ შედგეს, არ ჩატარდეს, ოპოზიციამ და მისმა ამომრჩევლებმა მონაწილეობა არ მიიღონ, მარტო ბიძინა გავიდეს თავისი ალტ-ინფოთი და როგორ მოიპოვებს შემდეგ კიდევ ერთხელ ლეგიტიმაციას, ადგილობრივი საკრებულოების და მერების, მაგასაც ვნახავთ. არჩევნები რომ ვერ შედგება, ეს არის ბრძოლის ის ეტაპი, რომელიც დღეიდან და 4 ოქტომბრამდე გვაქვს გასავლელი. ამ მიმართულებით თუ აქტიურად ვიმუშავებთ, დარწმუნებული ვარ, 5 ოქტომბერს გვექნება ბევრი რამე საკეთებელი, მათ შორის ეროვნულ პოლიტიკურ არენაზე. “ოცნების“ დანიშნული არავის არაფერი არ უნდა, უნდა მოამწიფო და გადმოიყვანო შენს მხარეს, რომ ეს ვერტიკალი ჩამოიშალოს, დიპლომატები, სამართლადამცველები, საჯარო მოხელეები, ყველანი უნდა შემოეცალნენ ბიძინას.
ბრძოლა და ამოცანა უნდა იყოს იმ მიმართულებით, რომ ეს ვერტიკალი ისე დაასუსტო და ჩამოშალო, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მიაღწიო და მერე გინდა ადგილობრივი ჩაატარე, გინდა საპარლამენტო, უკვე გამარჯვებული ხარ. კონკრეტული გეგმა არ არის, მაგრამ პრინციპია მთავარი-შენი მხარდამჭერების ბაზა და ის საპროტესტო ტალღა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ისე უნდა გაფართოვდეს, რომ ივანიშვილი დარჩეს მარტო” – განაცხადა ციკარიშვილმა.
მისივე თქმით, “ივანიშვილის დანიშნული და ჩატარებული არჩევნები მათთვის მიუღებელია“.