პატარა ბავშვი რომ ფეხის ადგმას იწყებს, მშობლის მიმართულებით ბარბაცით, შიშით, ინტერესით და ხალისით დგამს ნაბიჯებს, ცდილობს არ დაეცეს და წონასწორობა შეინარჩუნოს, წინ კი ხელებგაშლილი მშობელი შფოთვით და სიხარულით ელის, რომ გულში ჩაიკრას, ჩაიხუტოს, ბედნიერების განცდით მიეგებოს… – სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით 100 წლის წინ ჩვენი ახალფეხადგმული ქვეყანა, და ასე ვართ ახლაც. თუმცა განსხვავება დიდია და შესამჩნევი.
100 წლის წინ, ცივილიზებული დასავლეთი არ და ვერ გვცნობდა, როგორც საერთო ცივილიზაციის ნაწილს. გეოპოლიტიკაც ისე დალაგდა, რომ შავმა, უფრო სწორედ წითელმა ყორანმა მათი წინააღმდეგობის გარეშე მოახერხა ჩვილი და მხოლოდ საკუთარი თავის ამარად დატოვებული ქართული რესპუბლიკის მახინჯ, რუსულ, სახეცვლილ ტირანიაში დაბრუნება. დღეს კი დასავლეთი აქეთ გვამხნევებს, გვეხმარება, გვგულშემატკივრობს, გვიახლოვდება; ჩვენც თითქოს 100 წლის წინანდელთან შედარებით უფრო მძლავრად ვდგავართ ფეხზე, ტაატით, წაფორხილებით, მაგრამ მაინც ვუახლოვდებით, იმ ისტორიულ, სივრცეს, რომელშიც ერთდროულად დავიბადეთ, როგორც კულტურული ნაცია და ამავე დროს თავადაც შევიტანეთ საკუთარი წვლილი, როგორც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის მქონე ერმა. ახლა მასთან შესახვედრად და ტირანული, მშიერი მონების ბნელეთიდან თავდასახსნელად სულ რამდენიმე ნაბიჯიღა გვაშორებს და უკვე მკაფიოდ ჩაგვესმის დასავლეთის არამარტო გამამხნევებელი, არამედ მკაცრი სიტყვებიც, რომ არ დავიღალოთ, არ დავნებდეთ, სულ ცოტაც და საბოლოოდ ერთად ვიქნებით და მათ შორის იმ იდეალების აღსრულებას მოვესწრებით, რისთვისაც წინაპრების არაერთმა თაობამ, მათ შორის ზუსტად 100 წლის წინ სრულიად გააზრებულად, გმირულად გაწირა საკუთარი სიცოცხლე..
დღეს საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა: ან წავალთ პოლიტიკური რეპრესიების, ოპოზიციური ლიდერების დაჭერის, ერთპარტიული პარლამენტის საბოლოოდ ჩაბეტონების გზით და ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობებით ევროატლანტიკურ სივრცესა და პერსპექტივას ან ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, გამონახავენ საერთო ენას და იპოვიან გამოსავალს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა შევიდა. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ბოლო 48 საათია ინტენსიურად გვესმის ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან. ვაშინგტონი, ბრიუსელი, ლონდონი თუ პარიზი, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო თუ ევრონესტი ყველა ერთ აზრზეა: საქართველო მიუახლოვდა ძალიან სახიფათო ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც უკან მობრუნება უკიდურესად გაძნელდება. ევროპული მანდატით აღჭურვილი ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე მედიატორობას გვთავაზობს და გვეუბნება, რომ საქართველო ან ბალტიელების გზით წავა ნატოსა და ევროკავშირისკენ, ან ბელარუსად გადაიქცევა და კვლავ რუსულ ჭაობში ჩაეფლობა. აშკარაა, რომ ხელისუფლება მოვლენების მსგავს განვითარებას არ ელოდა. დღევანდელმა სტატუსკვომ მელიას ლიდერული პოზიციები, როგორც ნაცმოძრაობაში ისე ოპოზიციაში სერიოზულად გაამყარა, ოცნებამ კი პრემიერ გახარიას თანამდებობიდან გადადგომით მძიმე დარტყმა მიიღო. ამ დანაკლისის აღდგენა და დეზორიენტირებული ოცნების რღვევის შეკავება ივანიშვილმა ღარიბაშვილის გაპრემიერებით სცადა. მთავრობის მეთაურად ე.წ. “ქორის” წარდგენა იმის აშკარა მანიშნებელი იყო, რომ ოცნება უკან დახევას არ აპირებდა: პოლიტიკური რეპრესიებიც ორმაგი ენერგიით განახლდებოდა და ოპოზიციის ლიდერის დაჭერაც უბრალოდ დროის საკითხი იქნებოდა ალბათ, რომ არა უკიდურესად მკაცრი გზავნილები სერიოზულად შეფიქრიანებული დასავლეთიდან, რომელმაც თვალნათლივ დაინახა ის შესაძლო კატასტროფა, რომელის წინაშეც საქართველო დადგა.
მხოლოდ დროის საკითხია ის, რამაც ასე შეაშფოთა დასავლეთი, როდის გადაითარგმნება ჩვენი საზოგადოების საერთო წუხილში. ოცნების ხელისუფლება ალბათ ფიქრობდა, რომ მელიას დაპატიმრება საზოგადოებაში საყოველთაო უკმაყოფილებას არ გამოიწვევდა და ხახვივით შერჩებოდა და სავარაუდოდ ასეც იქნებოდა, ეს რომ მხოლოდ მელიას, ნაცმოძრაობის ან თუ გნებავთ ოპოზიციის პრობლემად დარჩენილიყო. დასავლელი პარტნიორების უმკაცრესი გზავნილების შემდეგ, ყველასთვის ნათელი ხდება, რომ მელიას დაჭერა არა ერთი პარტიის, არამედ ქვეყნისა და მთელი საზოგადოების პრობლემაა, იმდენად, რამდენადაც ერთპარტიული პარლამენტი და ციხეში გამოკეტილი ოპოზიციის ლიდერები, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას საბოლოოდ ასამარებს, რაც დეფოლტის წინაშე მდგომი ქვეყნისთვის ბევრად ნაკლებ ფულს, დახმარებას, ისედაც უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას, დიდი ხნის განმავლობაში ვაქცინის გარეშე დარჩენას და იმ 60 ათასი გერმანიაში სამუშაოდ წასვლის მსურველისთვის ერთადერთ იმედზე უარის თქმასაც ნიშანვს. და თუ ოცნება დასავლეთის ასეთი მკაცრი მოთხოვნებს მაინც შეეწინააღმდეგება, მელიას დაიჭერს და პოლიტიკურ რეპრესიებს გააგრძელებს, დიდი ალბათობით ქვეყანას ინდივიდუალური თუ სხვა ტიპის სანქციებიც დაემუქრება, რომლებიც ჩრდილში თუ მიწისქვეშეთში გადასულ ივანიშვილსაც ადვილად და მკაცრად მიწვდება. ასეთ პირობებში, როდესაც ერთ მხარეს, ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა, მომავალი კეთილდღეობა, დასავლელი მეგობრები, კეთილმოსურნეები და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას, მეორე მხარეს კი ოცნება, ივანიშვილი და მოსკოვი, ძნელი მისახვედრი არ არის სასწორი რომელი მიმართულებით გადაიხრება. ამიტომ, როდესაც დღეს უპირატეს მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია ჯენტლმენურად იქცევა და მოლაპარაკებისთვის მზაობას გამოთქვამს, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ამ ყველაფერზე უარის თქმა და ძველი გეგმის შესრულება. მას მელიას დაკავების სპეცოპერაციის დიდი ხნით გადადება ან საერთოდ გაუქმებაც, საერთაშორისო მედიაციით შეთავაზებულ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაც, და ალბათ იმაზე ფიქრიც მოუწევს, როდის ჯობია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, იმისთვის, რომ ამომრჩევლის რანგში გახარიას დაკარგვასთან ერთად მისი Facebook – სტატუსის 200 ათასი დამლაიქებელიც არ დაკარგოს. ჩვენ კი სულ რამდენიმე ნაბიჯი დაგვრჩა.. 100 წლის წინანდელთან შედარებით, თავისუფლების სულით სავსე სამყაროს უკვე თვალებში ვუყურებთ, აღარ ვეუცხოებით, აღარც ჩვენ გვეუცხოება, რადგან ვხვდებით, რომ ის ჩვენ ვართ, მათ შორის ისინი, როგორებიც 100 წლის წინ ჩვენი გმირი წინაპრები იყვნენ!
გიორგი თარგამაძე