ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე წერს.
ფიშერი ფიქრობს, რომ “საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა”.
”მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი – ეს ფართოდ გავრცელებული კრედოა. თუმცა, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ეს აღქმა იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე. ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?“, – წერს პეტერ ფიშერი.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს – სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.