ბორის ჩოჩიევის სულიერმა მემკვიდრე წულუკიანმა გადაწყვიტა, გახარია იმის გამო დააკავოს, რომ საქართველოს ტერიტორია შეინარჩუნა – გოგიჩაიშვილი

ბორის ჩოჩიევის სულიერმა მემკვიდრემ, თეა წულუკიანმა გადაწყვიტა, გახარია იმის გამო დააკავოს, რომ საქართველოს ტერიტორია შეინარჩუნა, – ამის შესახებ განცხადება “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა  გააკეთა.

პოლიტიკოსის შეფასებით, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში ყოფილი მაღალჩინოსნების დაბარება და წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიას ხელმეორედ მიწვევა “აბსურდი” და “სიგიჟეა”.

”პირველ რიგში, მინდა დავუფიქსირო ბატონ ბადრის, ბატონ მამუკას და ყველა იმ პოლიტიკურ პატიმარს სოლიდარობა, რომელიც დღეს ივანიშვილის სიშლეგის გამო საპატიმროში იმყოფება. როგორც ჩანს, სპორტულ რეჟიმში არიან გადასულები და არ აპირებენ გაჩერებას. ძალიან დიდი ხნის შემდგომ გავიგეთ ეს ფრაზა – დღეს ფაქტობრივად ყველა ციხეში. ყველა ციხეში ნიშნავს კიდევ ახალ პოლიტიკურ პატიმრებს, კიდევ ახალ დაჭერებს.

თქვენ ახსენეთ კომისია. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის წულუკიანის კომისია, ეს არის თეა ჩოჩიევის კომისია. ეს ადამიანი არის ბორის ჩოჩიევის სულიერი მემკვიდრე, გამაგრძელებელი. მან გადაწყვიტა, ადამიანი დააკავოს მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორია შეინარჩუნა. ეს არის აბსოლუტურად აბსურდული და სიგიჟე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. გიორგი გახარიას ედავებიან, ოკუპირებულ ტერიტორიებს კიდევ რატომ არ მიუერთე ჩორჩანა” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

შეგახსენებთ, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიამ გიორგი გახარია გამოკითხვაზე მეორედ დაიბარა. პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა კომისიას ონლაინ ჩართვის ნებართვა სთხოვა და ამის მიზეზად საზღვარგარეთ ყოფნა დაასახელა. განმარტაბების მიუხედავად, კომისია ოპოზიციონერ ლიდერს ონლაინ ჩართვაზე უარი უთხრა. არადა, დღეს ონალინ რეჟიმში დავით ბაქრაძე უკვე გამოიკითხა.

წულუკიანის კომისიამ გახარიას სხდომაზე გამოცხადებისთვის 10-დღიანი ვადა მისცა, თუმცა გახარია აცხადებს, რომ კომისიაზე ვერც 2 ივლისს გამოცხადდება. პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი ისევ აცხადებს, რომ მზადაა, ყველა კითხვას ონლაინ რეჟიმში უპასუხოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights