უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ ქვეყნები, რომლებიც “უკრაინას არასათანადოდ ეპყრობოდნენ” ომის დასრულების შემდეგ პასუხს აგებენ.
BBC-ის ინტერვიუში მან თქვა, რომ არჩევანი, რომელიც ერებმა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააკეთეს, “მომავალი ურთიერთობის შენების დროს გათვალისწინებული იქნება”.
მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლური იარაღის მიწოდების შეფერხება უკრაინას ადამიანების სიცოცხლედ უჯდება. “თუ მიწოდება გადაიდო ერთი დღით, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ფრონტზე მოკვდება”. – ამბობს ის.
ვრცელ ინტერვიუში კულებამ ომის დასრულებაზე და ომში ჩინეთის როლზე ისაუბრა. ამასთან, მან უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ომის დაწყებიდან პაპი ფრანცისკე უკრაინაში არ ჩასულა.
“თუკი მსოფლიოში ვინმე ფიქრობს, რომ ის, თუ როგორ მოიქცა ესა თუ ის ქვეყანა – ან ეპყრობოდა უკრაინას თავისი ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტში – არ იქნება გათვალისწინებული მომავალი ურთიერთობების მშენებლობაში, ამ ხალხმა უბრალოდ არ იცის, როგორ მუშაობს დიპლომატია. ომი ის დროა, როცა არჩევანი უნდა გააკეთო. და ყველა არჩევანი ჩაწერილია”. – თქვა მან.
მისი თქმით, არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ომის დამთავრებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებები დაიწყებს. “ყოველი ომი მთავრდება მოლაპარაკებების მაგიდასთან… მაგრამ ჩემი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, მიზანია დავრწმუნდე, რომ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან ბრძოლის ველზე განმსაზღვრელი წარმატების შემდეგ მიაღწევს”. – თქვა მან.