საქართველო ვერ გახდება ბიძინასი და რუსების, ჩასუნთქული გვაქვს უკვე თავისუფლების ჰაერი-ნიკა მელიას პირველი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი, კოალიცია “ცვლილებიბისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მიუხედავად იმის, რომ “საბჭოთა კავშირი აწმყოში შემოგვიბრუნდა, წარმოუდგენლად დიდი პატივია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც თავგადასავლიან ცხოვრებას მოითხოვს“.

ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე!, -წერს მელია და დარწმუნებულია, რომ “ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ“.

სიმართლის ძალა გამარჯვების ენერგიად გადაიქცევა და ნაკუწებად ვაქცევთ მილიარდერის ბადეს, რომელშიც ყველანი ვართ გახლართულები, მათ შორის თვითონაც,- წერს მელია.

ნიკა მელიას პირველი წერილი ციხიდან:
გამარჯობა და გამარჯვება!
მართალია საბჭოთა კავშირი კი შემოგვიბრუნდა აწმყოში და უნდა ჩვენი გონება სულ წარსულს ეპოტინებოდეს, თუმცა წარმოუდგენლად დიდი პატივია ქვეყვნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც თავგადასავლიან ცხოვრებას მოითხოვს და ამაში გასაკვირი არაფერია.
ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე!
ამ და ასეთ ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ, პრინციპულობით გავიმარჯვებთ.
ასე მჯერა, ასე ვიცი, ასე მიბრძოლია და ასე ვიბრძოლებთ.
მაგრად მახარებს შეუპოვრების რაოდენობა, შემგუებლებს ცვლილება არასოდეს მოუტანიათ.
რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს, საკუთარი „მე“ წაგვართვას.
არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლის ძალა, რაც ყველასთვის მოულოდნელ მომენტში გამარჯვების ენერგიად გადაიქცევა და ნაკუწებად ვაქცევთ მილიარდერის ბადეს, რომელშიც ყველანი ვართ გახლართულები, მათ შორის თვითონაც.
მოკლედ, რაც არ უნდა ბედნიერების ხრონწით ხმაში ამბობდნენ, რომ თუ ჩვენს პარლამენტს არ აღიარებენ, მაშინ ყველანი ციხეში წავლენო, აი ზუსტად ასეთ დილიხორში მყოფები დაიშლებიან, როგორც ქიმიური შენაერთი სინჯარაში.
საქართველო ვერ გახდება ბიძინასი და რუსების, ჩასუნთქული გვაქვს უკვე თავისუფლების ჰაერი და ძალიან ბევრს მენტალურად დატოვებული გვაქვს საბჭოთა კავშირი და ვაპირებთ მისი ყველა კარი სამუდამოდ გამოვიხუროთ!
აქ კი, რუსთავის ციხეში, სიზმარისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს
ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს.
ყველას მოკითხვა, მაგრად იყავით!
მოკითხვა სართულის მეზობელს – გიორგის,
მოკითხვა ქვედა სართულის მეზობლებს- ნიკას, ზურას, ირაკლის, მამუკას და ბადრის.
მოკითხვა გივი თარგამაძეს!
მოკითხვა სხვა ციხეში მყოფ სინდისის პატიმრებს,- წერს მელია პირველ წერილში.

ცნობისთვის, დღეს, 27 ივნისს, სასამართლომ, ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights