შიდა დაპირისპირება დიდი ფულის გამო “ქართულ ოცნებაში” – ოპოზიცია პარტიის კულუარებიდან გამოტანილ ინფორმაციას ასაჯაროვებს.
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყნიდან არ გაუშვეს, ფაქტობრივად, სუს-ის ყოფილი შეფი შინაპატიმრობაში იმყოფება და მისგან 100 მილიონის მიტანას ითხოვენ. ოპოზიციის ლიდერის განცხადებითვე, ე.წ. კრიმინალები პასუხს სთხოვენ ექს პირველ პოლიციელსაც, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავmჯდომარე ამბობს, რომ 300 მილიონი მოსთხოვეს აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ექსპრემიერ ღარიბაშვილის ფლანგის წმენდა დიდი ხანია დაწყებულია. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის დაკავების შემდეგ, საკითხავია, ვინ იქნება შემდეგი?
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ რიგში კახა კალაძეც დგას და მომდევნო, ვისაც ფულს მოსთხოვენ, სწორედ ის იქნება. “ოცნების” ოპონენტების ინფორმაციით, საუბარია ასობით მილიონზე, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილს უკვე აცნობეს.
ივანიშვილის პარტიაში დაპირისპირება ფულს ეხება – ყველას, ვინც დიდი თანხა იშოვა, ბიზნესი წამოიწყო, ახლა წილს უკან სთხოვენ, ამბობს ოპოზიცია. “ოცნების” ყოფილი ჩინოვნიკებიდან ვერავინ გამორიცხავს, რომ მათი ჯერიც მოვა და ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდება, ვინ, როგორ და რამდენი წაიღო სახლში.
ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ ვის დაადებს ხელს. “ოცნების” ყოფილი წევრები, ვინც კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, ამბობენ, რომ პროცესი ივანიშვილმა კობახიძის ხელით დაიწყო, მაგრამ თავად მართავს. მათივე თქმით, პარტიაში ბევრია ისეთი, ვისაც ნაშოვნი მილიონების უკან დაბრუნება ან წილის ოცნებაში მიტანა არ უნდა, ამიტომ შიდა ომი დიდხანს გაგრძელდება.